ახალი ამბები

ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი

11 ნოემბერი, 2020 • 1213
ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტიტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი, მისი აზრით, ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის აპრილისთვის.

როგორც ინფექციონისტი CNN-თან საუბარში ამბობს, Pfizer-ის ვაქცინა, წინასწარი მონაცემებით, დამაიმედებელ პროგნოზებს იძლევა. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ მონაცემებს გადამოწმება სჭირდება. ამასთან, ფაუჩი აღნიშნავს, რომ ეს, სავარაუდოდ, არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიან ვაქცინას შექმნის:

“ცხადია, მონაცემები დეტალურად უნდა შევისწავლოთ, თუმცა ეს მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ეფექტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტიანი იქნება ის ასაკოვან ადამიანებში ახალგაზრდებთან შედარებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის ვაქცინა, რომელიც 90%-ით ეფექტიანია. ამასთან, ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ტიპის ვაქცინაზე მუშაობს. მოდერნაც მუშაობს იდენტურ თუ არა, ძალიან მსგავს პრეპარატზე და მალე მისი ტესტირების შედეგებიც გახდება ცნობილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მალე ერთზე მეტი ეფექტიანი ვაქცინა გვექნება” ,- ამბობს ფაუჩი.

მისი თქმით, კომპანია, სავარაუდოდ, ვაქცინის დამტკიცებას დაჩქარებული წესით მოითხოვს, დამტკიცების შემთხვევაში კი ვაქცინის პირველი დოზები ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იქნება:

“ამჟამად ვიცით, რომ კომპანია ვაქცინის დამტკიცებას, სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით მოითხოვს. სიმართლე გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ხალხი ვაქცინის მიღებას უკვე ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან შეძლებს, ალბათ, უფრო დეკემბრიდან. ჩვენ ვაქცინის უსაფრთხოების მიმართულებით ყველა დეტალი ხელახლა უნდა გავიაროთ, თუმცა ვვარაუდობ, რომ ის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება”, – აცხადებს ენტონი ფაუჩი.

მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე აშშ-ში ვაქცინას რისკჯგუფები მიიღებენ, მათ შორის, პირველ ეტაპზე- სამედიცინო მუშაკები, შემდეგ- ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასაკოვანი მოქალაქეები, სკოლის მასწავლებლები და ბავშვები.

კითხვაზე, როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი ამერკელისთვის, რომელიც აღნიშნულ ჯგუფებში არ შედის, ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის ხელმისწავდომი იქნება 2021 წლის პირველი 4 თვის განმავობაში, სავარაუდოდ, აპრილისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი