ახალი ამბები

მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს აქცია უნდა ჩატარდეს — ბურჯანაძე

11 ნოემბერი, 2020 • 743
მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს აქცია უნდა ჩატარდეს — ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი  ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას “მშვიდი”, ხალხმრავალი აქცია უნდა გაიმართოს.

მისი თქმით,  პომპეოს ვიზიტისას აქციის გამართვას სწორი და კარგი იქნება.

“ვინაიდან ეს ძალიან უცებ და სპონტანურად გაჟღერდა ჩვენთვის, მე არ მიკვირს, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციასთან შეხვედრა არ იქნება. მიმაჩნია, რომ პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთ დღეს უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას,  არა ხმაურიანი, მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს”, — განაცხადა ბურჯანაძემ.

პომპეოს ვიზიტისას ხალხის მობილიზებას ემხრობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

“ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის”, – აცხადებს სააკაშვილი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს აქციის გამართვას არ აპირებს. მისი თქმით, ასეთი რამ გამორიცხულია, რადგან სტრატეგიულ პარტნიორს აქციებით არ ელაპარაკებიან.

მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქ ილია მეორეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი