ნეტგაზეთი | საქართველოს, როგორც არასდროს, ზუსტად ამ დროს სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა – ზალკალიანი საქართველოს, როგორც არასდროს, ზუსტად ამ დროს სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა – ზალკალიანი – Netgazeti
RU | GE  

საქართველოს, როგორც არასდროს, ზუსტად ამ დროს სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების, განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ.

“ეს ვიზიტი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო ნიშანს, რაც სრულიად ეხმიანება ორ ქვეყანას შორის მტკიცე პარტნიორობას და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ბოლო 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთნ ჩვენ გვქონდა უაღრესად ეფექტიანი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა ძირითადი მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისებრივად ახალ დონეზე გადავიდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება და კიდევ უფრო გაარღმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხთან ერთად, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში საუბარი იქნება სწორედ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, იმ სიტუაციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს გარშემო და საქართველოს როლზე.

“ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველო არის აშშ-ის მთავარი მოკავშირე რეგიონში და მნიშვნელოვანი დასაყრდენი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას და საქართველოს სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით”, – განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ პომპეოს ვიზიტი არის საქართველოს მხარდაჭერა იმ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც შექმნილია.

“საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირიდება ზუსტად ამ დროს აშშ-ის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და ეს ვიზიტი სწორედ ამ მხარდაჭერის ხაზგასმაა”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება სამომავლო პრიორიტეტებსაც.

დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოს ვიზიტზე ქართული ოპოზიციის მოლოდინებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდაპოლიტიკური ინტერესებისთვის.

“აქ უმთავრესი გზავნილი არის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა. ოპონენტებმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებების, რომელიც უკვე გაჟღერდა [არჩევნებთან დაკავშირებით]”, – დასძინა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო ეწვევა.

17 ნოემბერს საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოვა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.