“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის შესახებ “გაუგებარი და დამაბნეველია”.
“რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, “ნაციონალური მოძრაობისაგან” და მისი თავჯდომარისგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში”, – განაცხადა 10 ნოემბერს გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველოს” პოზიცია უცვლელია, რომ ამ პარლემენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ოპოზიციურ პარტიებს.
“ევროპული საქართველოს” პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში. ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლისთვის დიდი საფრთხის შექმნა. თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს, შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებების და ზეწოლის შედეგად”, – განაცხადა ბოკერიამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 10 ნოემბერს პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.
2 ნოემბერს ენმ-მ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა ყველა იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე