ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ სომხეთი დატოვებს აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ჩვენ ომს შევწყვეტთ | ალიევი

9 ნოემბერი, 2020 • 1474
თუ სომხეთი დატოვებს აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ჩვენ ომს შევწყვეტთ | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიტანულ BBC-სთან საუბარში განაცხადა, რომ თუ სომხური ძალები დატოვებენ მთიანი ყარაბაღის გარშემო მყოფ აზერბაიჯანულ რაიონებს, მათ შორის აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, ომი დასრულდება.

“თუ პაშინიანი, და არა მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, იტყვის, რომ სომხეთი დატოვებს აღდამს, კალბაჯარსა და ლაჩინს, იმ დარჩენილ რაიონებს, რომლებიც ჯერ არ გაგვითავისუფლებია, და თუ მოგვცემენ ცეცხლის შეწყვეტის გონივრულ ვადას, ჩვენ ომს შევწყვეტთ”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიემა.

ალიევის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანს ომის დაწყების მომენტიდან სთხოვდა შეთანხმებას, თუმცა, უშედეგოდ.

“ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გავაგრძელოთ. ახლა რასაც ვამბობ, ამას ვამბობდი თავიდანვე. თუ ფაშინიანი ამას იტყვის დღესვე, ჩვენ გავჩერდებით, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან უნდა, რომ ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები გამოიყენოს მობილიზაციისთვის, ბრძოლებში მეტი ცოცხალი ძალის ჩართვისთვის. თუ ისინი არ იზამენ იმას, რასაც მე ვამბობ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – ამბობს ალიევი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მთიან ყარაბაღში შენარჩუნდება სომხური მმართველობა, ალიევი პასუხობს, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულებას ითხოვს, რაც ითვალისწინებს ყარაბაღიდან სომხური ძალების გასვლას, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია ადგილზე დარჩეს. კითხვაზე, თუ როგორ ესახება ალიევს სომხების და აზერბაიჯანელების ერთად ცხოვრება ყარაბაღში, იგი პასუხობს, რომ სომხურ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს თვითმმართველობის უფლებით, როგორიც შეიძლება იყოს მუნიციპალირი მმართველობა ან კულტურული ავტონომია.

აღდამის რაიონი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის აღოსავლეთით მდებარეობს, ლაჩინის რაიონი სომხეთის რესპუბლიკასა და მთიანი-ყარაბაღის ოლქს ერთმანეთისგან ყოფს. სწორედ აქ გადის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლაჩინის კორიდორი, რომელიც სომხეთსა და ყარაბაღის ქალაქებს, შუშასა და სტეფანაკერტს/ხანქენდის ერთმანეთს აკავშირებს. კალბაჯარი ლაჩინის ჩრდილოეთით, მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის მდებარეობს, სადაც ასევე გადის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა სომხური ქალაქი ვარდენისიდან მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ რაიონებისკენ. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, აღნიშნულ რაიონებში მოსახლეობა აზერბაიჯანული იყო, თუმცა ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ეს რაიონები მოსახლეობისგან დაიცალა.


მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს დაიწყო. მას შემდეგ სამჯერ შედგა ე.წ. ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ რუსეთის ჩართულობით, ერთხელ კი აშშ-ს მონაწილეობით, თუმცა სამივე შემთხევაში მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე შეთანხმების პირობებს არღვევდა. გუშინ ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ აიღო ქალაქი შუშა/შუში. მის განცხადებას სომხური მხარის მიერ ოფიციალური გამოხმაურება არ მოჰყოლია. მთიან ყარაბაღში ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი