ახალი ამბები

პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

10 ნოემბერი, 2020 • 665
პოლიციელთა მხრიდან აქტივისტზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებს 9 ნოემბრის საღამოს რუსთაველის გამზირზე დაკავებული გიორგი მჟავანძე.

გამოძიება დაიწყო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების სავარაუდო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციამ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი მჟავანაძე, ადმინისტრაციული წესით რუსთაველის გამზირზე დააკავა. მჟავანაძის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პოლიციამ მჟავანაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი უკვე სწავლობს. როგორც ადვოკატი წერს, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

გიორგი მჟავანაძის გადმოცემით, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი