ახალი ამბები

“ნუ მაბრმავებ!” – შსს-თან ჟურნალისტების აქცია გაიმართა

9 ნოემბერი, 2020 • 920
“ნუ მაბრმავებ!” – შსს-თან ჟურნალისტების აქცია გაიმართა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

“ნუ გვაბრმავებ!” ამ სახელწოდების აქციით ქარტიის წევრებმა და ჟურნალისტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს 8 ნოემბერს ცესკოსთან დაშავებულ ჟურნალისტებს. აქციის დაშლის დროს, ჟურნალისტების გარდა, დაზიანდა ტექნიკაც, როგორც “ტვ პირველის” მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ Facebook-ზე დაწერა, არხს ექვსი კამერა დაუმტვრიეს.

აქციის მონაწილეებმა ასევე გაავრცელეს მიმართვა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ აქციის დაშლისას პოლიცია წყლის ჭავლს ჟურნალისტებს დამიზენებით უშენდა. ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუძიება გასული წლის 20 ივნისს 40-მდე ჟურნალისტის დაშავების ფაქტები, რამაც ქარტიის შეფასებით, ძალადობრივი შემთხვევები წაახალისა.

“2020 წლის 8 ნოემბერს კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო 4-მა ჟურნალისტმა. დაშავდნენ სხვა რეპორტიორებიც, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც. აქციის დაშლისას წყლის ჭავლს დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყოველთვის ცდილობდა ყურადღების გარეშე არ დაეტოვებინა ჟურნალისტთა დევნისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის თითოეული ფაქტი და ყოველთვის მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ყველა ეს მცდელობა რჩებოდა რეაგირების გარეშე, ისევე როგორც რეაგირების გარეშე დარჩა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავებისა და დაზიანების ფაქტი. ასეთმა მიდგომამ კიდევ უფრო წაახალისა ძალადობა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,  ასევე, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, რომ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ერთად დავიცვათ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და შევქმნათ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო”,-ნათქვამია მიმართვაში.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გვეუბნება, ჟურნალისტების დაშავებასთან ერთად, 8 ნოემბრის აქციაზე ასევე იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებიც. მისივე თქმით, ქარტია თითოეულ ასეთ ფაქტს აღრიცხავს და სწავლობს
“იცით, რომ 20 ივნისს 40-მდე ჟურნალისტი დაზარალდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, უმრავლეს შემთხვევებში გამოძიება არ დასრულებულა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ასეთი შემთხვევები ახალისებს იმას, რომ გუშინ ჟურნალისტთა დაზიანებისა და მათ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები ვიხილეთ.
ვფიქრობთ, დროულად და ეფექტურად უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევების გამოძიება. ჩვენ ასევე ვთხოვთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტებს ჰქონდეთ მუშაობის დროს ნორმალური სამუშაო პირობები. ნორმალური სამუშაო პირობები არ არის, როცა ვხედავთ, აქციაზე მისულ ჟურნალისტებს როგორ ესვრიან დამიზნებით ტყვიასა და წყლის ჭავლს”,- ცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.
აქციის მონაწილეებს დაშავებული ჟურნალისტების ფოტოებიც ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიტანილი, მათ შორის “ტვ პირველის” ოპერატორის, რომელსაც გუშინდელ აქციაზე წყლის ჭავლით თვალი ისე დაუზიანდა, რომ ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი