ახალი ამბები

შსს: დემონსტრანტები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, პროპორციული ძალა გამოვიყენეთ

8 ნოემბერი, 2020 • 833
შსს: დემონსტრანტები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, პროპორციული ძალა გამოვიყენეთ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთამ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ ცესკოს შენობაში შეჭრას, რა დროსაც პოლიციამ “პროპორციული ძალა” გამოიყენა.

თუმცა პოლიციას თავდაპირველად მოქალაქეები არ გაუფრთხილებია ისე გაუშვა წყლის ჭავლი.  ამჯერად კი აფრთხილებს და მონაწილეებს მოუწოდებს  დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს:

“დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,”-წერია განცხადებაში.

ამ წუთებში ცესკოსთან ოპოზიციის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

უფლებადამცველები ცესკოსთან წყლის ჭავლის გამოყენების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი