ახალი ამბები

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

7 ნოემბერი, 2020 • 1598
ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია: CNN-ის, FOX News-სა და სხვა მედიასაშუალებების მონაცემებით, ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა  270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად.

ჯო ბაიდენმა მოიგო იმ “მერყევი შტატების” ნაწილი, რომლებშიც 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. მათ შორისაა მიჩიგანი, უისკონსინი, არიზონა და პენსილვანია. ბაიდენი ასევე ლიდერობს ჯორჯიაში – აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატში, სადაც დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ბოლო 28 წელია, არ გაუმარჯვია.

სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. მანამდე, ის ათწლეულების მანძილზე იყო სენატორი დელავერის შტატიდან.

ამ შედეგებით, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უერთდება აშშ-ის პრეზიდენტთა რიგს, რომელთაც მხოლოდ ერთი ვადით იმსახურეს თეთრ სახლში. თუმცა, თავად ტრამპი ხმის დათვლის პროცესის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მისი კონკურენტები არჩევნებს “იპარავენ”.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს ზემოხსენებულ ამომრჩეველთა კოლეგიაში მოპოვებული ხმების რაოდენობა წყვეტს. მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].

გარდა იმისა, რომ ბაიდენს კოლეგიაში ხმათა საკმარისი რაოდენობა უგროვდება, ჯორჯიის გარდა, მან ამ დრომდე რეკორდულად მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო აშშ-ის მასშტაბით (popular vote), რაც 74 მილიონს აჭარბებს. ამ მონაცემით ბაიდენმა აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტის შედეგი გააუმჯობესა.

ყველაფერი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი