ახალი ამბები

ბაიდენი პენსილვანიის შტატშიც დაწინაურდა

6 ნოემბერი, 2020 •
ბაიდენი პენსილვანიის შტატშიც დაწინაურდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს, ჯორჯიის შემდეგ, პენსილვანიის შტატშიც გაუსწრო. ამ დროისთვის [17:50 საათისთვის] დათვლილია შტატის ხმების 95% და ბაიდენი დაახლოებით ექვსი ათასი ხმით სჯობნის რესპუბლიკელ კონკურენტს, დონალდ ტრამპს. თუმცა მონაცემები კიდევ შეიძლება შეიცვალოს.

პრეზიდენტობის კანდიდატს გასამარჯვებლად აშშ-ის 538-წევრიან ამომრჩეველთა კოლეგიაში 270 ხმა სჭირდება.  FOX NEWS-ის მონაცემებით, მოცემულ მომენტში მას სულ 6 ხმა აკლდება ამ რიცხვამდე. თუმცა, ჯორჯიისა და პენსილვანიის შტატებში გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი საჭიროზე ბევრად მეტ ხმას მიიღებს და საბოლოო გამარჯვებას პრაქტიკულად გაინაღდებს.

ბაიდენმა რესპუბლილელი კონკურენტი დღესვე ჩამოიტოვა ჯორჯიის შტატში, რამაც მისი გამარჯვების პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახადა. შტატში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დათვლილია. თუ ეს შედეგი შენარჩუნდა, ის გახდება პირველი დემოკრატი კანდიდატი 1992 წლის შემდეგ, რომელმაც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ შტატში გამარჯვება მოახერხა.

ჯორჯიის გარდა, ჯო ბაიდენმა ამ დრომდე მოიგო “მერყევი შტატების” ნაწილი, რომლებშიც 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. ამასთან,  ამ დრომდე რეკორდულად მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო აშშ-ის მასშტაბით (popular vote), რაც 73.5 მილიონს აღწევს. ამ მონაცემით მან აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტის შედეგი გააუმჯობესა.

ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. მანამდე, ის ათწლეულების განმავლობაში იყო სენატორი დელავერის შტატიდან.

ტრამპისა და ბაიდენის რეაქციები

ხმების დათვლის პარალელურად, ამომრჩეველთან ორივე კანდიდატი განაგრძობს კომუნიკაციას. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 5 ნოემბერს მოკლე განცხადება გაახმიანა ვაშინგტონიდან და კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდა ამომრჩეველს მანამ, სანამ ყველა ხმა დაითვლება.

გაცილებით ხისტია მისი კონკურენტის განცხადებები, რომელიც კვლავ ეჭვქვეშ აყენებს ხმების დათვლის პროცესის ლეგიტიმაციას, თუმცა კონკრეტული მტკიცებულებები ტრამპის მხრიდან ისევ არ ჩანს.

“ეს არის საქმე, როდესაც ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები, ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ”, – თქვა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ტრამპის გუნდმა არაერთ შემთხვევაში უკვე მიმართა სამართლებრივ ზომებს, მათ შორისაა საჩივრები პენსილვანიასა და მიჩიგანში ხმის დათვლის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით მანამ, სანამ პროცესში რესპუბლიკელების დამკვირვებლები არ ჩაერთვებიან.

ტრამპმა ზემოხსენებულის მსგავსი არაერთი განცხადება “ტვიტერზეც” გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მისი პოსტების ნაწილი მონიშნა, როგორც “საკამათო” ან “შესაძლო დეზინფორმაცია”.

რა არის საარჩევნო კოლეგია და როგორ მუშაობს ის

შეერთებულ შტატებში პრეზიდნეტის არჩევის სისტემა განსხვავდება მსოფლიო ანალოგებისგან. კერძოდ, მოქალაქეები ირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრებს თავიანთი შტატიდან, ხოლო კოლეგია — პრეზიდენტს.

მთლიანობაში, კოლეგია შედგება 538 წევრისგან. თითოეული შტატი კოლეგიაში წარმოდგენილია იმდენივე ამომრჩევლით, რამდენითაც კონგრესში [ვაშინგტონის ფედერალური ოლქის გარდა — მას ჰყავს სამი წარმომადგენელი ოლქში, თუმცა არ ჰყავს ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი კონგრესში].

საარჩევნო კოლეგიის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი ისაა, რომ კანდიდატმა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გამარჯვებულზე მეტი ხმა მოიპოვოს, მაგრამ მაინც წააგოს. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა 2016, 2000 და 1876 წელს.

გამარჯვებისთვის კანდიდატს სჭირდება მინიმუმ 270 ხმა. შესაძლებელია, რომ საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვოს [იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ შემთხვევაში, ქვევით მოგიყვებით].

ვრცლად, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, წაიკითხეთ აქ:

ბაიდენი თუ ტრამპი? – რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი