ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა მასშტაბური საპროტესტო აქციების გარეშეც შესაძლებელია, ამიტომ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, “პირადი ინტერესები” გამო ქვეყანაში ვირუსის გარცელებას ხელს ნუ შეუწყობენ:
“მზად ვართ, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ნებისმიერი მოლაპარაკება და შეთანხმება შეიძლება მიიღწეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშეც, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტიანად. არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოცები, ჩვენი პირადი ინტერესები და არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში. ეს არის დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა”, – თქვა ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 775 შემთხვევა გამოვლიდა, გარდაიცვალა კიდევ 22 პაციენტი.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 37 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 432. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცური პარტიები არ აღიარებენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მთელი კვირის განმავლობაში ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა ადგილას აქციებს მართავენ.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამის გამო, საპროტესტო აქციებს მართავს. 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.