ახალი ამბები

ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს – Politico

5 ნოემბერი, 2020 • 849
ევროკავშირი ლუკაშენკოს სანქციებს უწესებს – Politico

ევროკავშირის ელჩები ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის კიდევ 14 ოფიციალური პირის მიმართ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. როგორც გამოცემა Politico დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, სანქციები მოიცავს როგორც მოგზაურობის შეზღუდვას, ისე აქტივების გაყინვას.

სანქციათა პაკეტის ავტორები ბელარუსის ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებში ადანაშაულებენ. საქმეში ჩართული ორი დიპლომატის ინფორმაციით, სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში პარასკევს აისახება.

ბრიუსელმა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები ოქტომბერში დაუწესა. მაშინ საუბარი იყო 40 პირზე. ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებდა, რომ სანქციების საჭიროება იდგა, ვინაიდან ლუკაშენკოსგან არ ჩანდა დიალოგში ჩართვის ნება.


ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს.

ოფიციალური შედეგებით, ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხოლოდ 10% მიიღო. არჩევნების შემდეგ ის ლიეტუვაში გადავიდა. მისმა თანაგუნდელებმა მალევე განაცხადეს, რომ ტიხანოვსკაიას ეს ნაბიჯი ზეწოლის შედეგი იყო. ბელარუსში პოლიტიკოსის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ძებნაა გამოცხადებული.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში ამ დრომდე არ შეწყვეტილა. მეტიც: პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო სექტემბერში, ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი