ახალი ამბები

75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

5 ნოემბერი, 2020 • 1341
75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო მხოლოდ იმ უბანს გადათვლის, სადაც ენმ იგებს

ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისია მხოლოდ მე-19 საარჩევნო უბნის ბიულეტენებს გადათვლის ხელახლა. ასეთია საოლქო კომისიის გადაწყვეტილება არაერთი გაუგებარი ლოგიკით შედგენილი შემაჯამებელი ოქმების და იმ დარღვევების ფონზე, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ. ხმების გადათვლის მოთხოვნით შედგენილი ათობით საჩივრის დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიამ კატეგორიული უარი თქვა.

„თქვენ იმიტომ ვთანხმდებით მარტო მე-19 უბანზე ხმების გადათვლას, რომ იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო, რატომ აქვს კომისიას ეს შერჩევითი მიდგომა? გადაითვალოს მე-19, მაგრამ ასევე გადათვალეთ სხვა უბნებიც, თუმცა თქვენ ამას არ გააკეთებთ“, – მიმართა წუხელ, გვიან ღამით გამართულ სხდომაზე ბათუმის საოლქო კომისიას უშანგი მიქელაძემ. ის ამ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

75 საჩივრის განსახილველად ბათუმის საოლქო კომისია წუხელ, ზუსტად 9 საათზე შეიკრიბა. საოლქო კომისიამ აქედან მხოლოდ 13 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს მისცა შენიშვნა ან გაფრთხილება. დამკვირვებელი ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ციალა შავაძემ და, შესაბამისად, კომისიამაც, ყველა სხვა უბნის გადათვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ბათუმის საოლქო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საოლქო კომისიის სხდომა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

„…ფანჯრები დახურეთ, ხმაური შემოდის, ასე ვერ ვიმუშავებთ“, – ამის თქმა რამდენჯერმე მოუწია ციალა შავაძეს, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელსაც თითო საჩივრის განსახილველად რამდენიმე წამიც ეყოფოდა, რომ არა კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე დამკვირვებელი, რომელიც კითხვების დასმის და შეკამათების შემდეგ შენობიდან საერთოდ გააძევა, და ოპოზიციის ორი წარმომადგენელი კომისიაში, რომლებმაც ცოტა მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა.

„შლაგბაუმი“ – რამდენჯერმე გაისმა საოლქო კომისიის სარკეებიან დარბაზში რომელიღაც დამკვირვებლის რეპლიკა საოლქო კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც 75 საჩივარი ფორმალურად განიხილეს, თუმცა პრობლემა არაფერზე ჰქონდათ – ისინი დასტურის ნიშნად ხელს იმას უწევდნენ, რასაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა. კომისიას არც მტკიცებულება მოუთხოვია და არც ხმების გადათვლა – საოლქო კომისია, რომელიც ერთგვარი გარანტი უნდა იყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარების, არაერთ ოქმში დაფიქსირებული აბსურდული ციფრების მიუხედავად, დაკმაყოფილდა საუბნო კომისიების ახსნა-განმარტების წერილებით, სადაც ყველამ ერთნაირად ჩაწერა: „დაღლილობის ნიადაგზე დავუშვით შეცდომა…“

„ახალი პითაგორის თეორემა გამოიგონეთ თქვენ“ – ეს ფრაზა და სიტყვა „მათემატიკაც“ საოლქო კომისიის სხდომაზე არაერთხელ გაისმა, ვიდრე კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სხდომას დატოვებდნენ, ან ციალა შავაძე გააძევებდა მათ.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე რომ ელემენტარული მათემატიკის დავიწყებისთვის საუბნო კომისიებში არავის დასჯას და, მით უმეტეს, ხმების ხელახლა გადათვლას არ აკადრებდა, ეს მის პოზიციაშიც ჩანდა, სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რომ თქვა ხმამაღლა: „დიახ, მე ვამაყობ ჩემი საარჩევნო ადმინისტრაციით და ჩემი საარჩევნო კომისიის წევრებით…“

საუბნო კომისიები საოლქო კომისიის იურისტმაც დაიცვა, რომელიც ორი წინადადებით აღწერდა თითოეულ საჩივარს, ვიდრე კომისიის წევრები ხელს აუწევდნენ ციალა შავაძეს.

„შეცდომა გამოცდილ ექიმებსაც მოსდით… შეცდომა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე არაკვალიფიციურია“, – აღნიშნა საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

„ეს იყო არა შეცდომა, არამედ მიზანმიმართული გაყალბება, თქვენ არჩევნები გააყალბეთ“, – მიმართა კომისიას უშანგი მიქელაძემ, ვიდრე სხდომას დატოვებდა.

მიუხედავად იმისა, რომ დარღვევების სიმრავლეს და სიმძიმეს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ციალა შავაძე არ უარყოფს, იგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში დამნაშავე კორონავირუსია.

„წინა არჩევნებში კოვიდინფექცია გვქონდა?“ – მოგვიბრუნდა ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, როცა მას ვთხოვეთ აეხსნა, რამ გამოიწვია ამ მასშტაბის დარღვევები საარჩევნო კომისიებში.

კონკრეტული მონაცემი ვერ გვითხრა, თუმცა ციალა შავაძის თქმით, კოვიდინფექციის გამო საუბნო კომისიებში წევრების შემადგენლობა შეიცვალა, ხოლო „ხარვეზების მიზეზები რაც იყო, ეს ახსნა-განმარტებებში ასახეს“.

რატომ თქვა საოლქო კომისიამ უარი უბნების ხელახლა გადათვლაზე, რის შესახებაც გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ თითქოს უპრეცედენტო მოვლენა ხდება საქართველოს არჩევნების ისტორიაში და ხმებს ხელახლა თვლიან.

„ჩვენ ხელახლა დავთვლით მე-19 უბანს, რადგან ეს იყო ჩვენი აქილევსის ქუსლი, იქ ბევრ ციფრთან დაკავშირებით ჰქონდათ გადასწორება. ამიტომ მიიღო კომისიამ ეს გადაწყვეტილება“, – უთხრა ციალა შავაძემ „ბათუმელებს“. სხვა საჩივრებთან დაკავშირებით კი, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ასევე ითხოვდნენ ხმების გადათვლას, საოლქო კომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს „პრიმიტიულ ხარვეზებთან“ იყო დაკავშირებული.

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბანზე სულ 795-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ამის მიუხედავად, აქ შემაჯამებელ ოქმში ჩაწერეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 264-ის ნაცვლად 1021 ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 269-ის ნაცვლად 1108 ხმა მიიღო. ყველა ციფრი, რომელიც აქ შემაჯამებელ ოქმში ჩაწერეს, შესწორება დასჭირდა.

„ჩვენ რომ გაყალბება მოგვენდომებინა, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ვერ მოიგებდა ჩვენს უბანზე არჩევნებს? კარგად ნახავდით თქვენ საბოლოო შედეგს, რამდენიმე ხმით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო“, – ასე ახსნა შეცდომა ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში კომისიის მდივანმა, თამილა ბაუჟაძემ „ბათუმელებთან“. ახსნა-განმარტებითი წერილით მან და ამ კომისიის თავმჯდომარემ, ნინო თავართქილაძემ ბათუმის საოლქო კომისიას არჩევნებიდან ორ დღეში, 2 ნოემბერს მიმართეს. ამ შემთხვევაშიც „განმარტება“ შაბლონურია – „გადაღლილობის გამო“.

მე-19 უბნის ბიულეტენებს ბათუმის საოლქო კომისიაში დღეს, საღამოს 6 საათზე დათვლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი