ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მსჯელობა, როდესაც ქუჩებში საპროტექსტო აქციები მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რა გეგმა აქვს მთავრობას ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით. 5 ნოემბრის მონაცემებით, ბანკებში ევროს ფასი 4 ლარს აღემატება, დოლარის – 3.4-ზე მეტია.
ცქიტიშვილმა განმარტა, რომ ლარზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური პროცესი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა:
„ამიტომ ჩვენი გეგმა მიმართულა იმისკენ, რომ მოხდეს ამ პროცესის სტაბილიზაცია ქვეყანაში. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომ გადავიდნენ დავის გადაწყვეტილების ფარგლებში, კაბინეტებში, და თუ საჭიროა, სასამართლოში“, – ამბობს ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდოგმარეობის სტაბილიზაციის კუთხით, მთავრობამ უკვე არაერთხელ ისაუბრა სახელმწიფოს შესაძლო ქმედებებსა და მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე. რაც შეეხება, ეკონომიკურ ასპექტს:
„ეკონომიკური პროცესების ნაწილში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიჰყვება ამ საერთო სტაბილობას. ჩვენ შეუძლებელია ვისაუბროთ ინვესტიციების ზრდაზე და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც გვაქვს აქციები ქუჩაში“, – ამბობს ცქიტიშვილი.