ახალი ამბები

ჩრდ. დაკოტაში არჩევნები გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიგო

5 ნოემბერი, 2020 • 808
ჩრდ. დაკოტაში არჩევნები გარდაცვლილმა კანდიდატმა მოიგო

დევიდ ანდალი, რომელიც აშშ-ის ჩრდილოეთ დაკოტის შტატის წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად იბრძოდა, 5 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 1 თვის შემდეგ შესაბამისი ოლქის ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და შესაბამის პოზიციაზე აირჩია.

CNN-ის ცნობით, ჩრდილოეთი დაკოტას შტატის მერვე საარჩევნო ოლქზე შტატის წარმომადგენელთა ორგანოს ორი მანდატი მოდიოდა. თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ რესპუბლიკელი დევიდ ანდალი ადგილობრივ არჩევნებში თავის 3 კონკურენტს დაამარცხებდა და ერთ-ერთ მანდატს მიიღებდა. ასეც მოხდა: წინასწარი შედეგებით, მას ამომრჩეველთა 35.53%-მა დაუჭირა მხარი.

ოქტომბერში, ანდალის გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა კითხვები, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებდა. საბოლოოდ, შტატის გენერალურმა პროკურატურამ გაახმიანა შეთავაზება რესპუბლიკური პარტიისადმი, რომ გარდაცვლილი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სხვა პოლიტიკოსით ჩაენაცვლებინათ. ახლა პარტიამ სწორედ მისი ჩამნაცვლებელი უნდა მოძებნოს.

დევიდ ანდალი წარსულში საჯარო მოხელე იყო, ასევე საქმიანობდა ბიზნესსა და მეურნეობაში. მან წინასაარჩევნოდ გამართულ პარტიულ პრაიმერში დაამარცხა თანაპარტიელი ჯეფ დელზერი, რომელიც წლების მანძილზე საქმიანობდა შტატის წარმომადგენელთა პალატაში. ანდალის კანდიდატურის ერთ-ერთი წარმდგენი რესპუბლიკელი სენატორი კევინ კრამერი იყო.

“ის მრავალი წლის მანძილზე იყო საჯარო მოხელე და ელოდა შესაძლებლობას, რათა შტატის საკანონმდებლო ორგანოში ემსახურა. ვწუხვართ, რომ მისი სურვილი ვერ ახდება”, – დაწერა დევიდ ანდალის ოჯახმა სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი