პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 15%-მდე უნდა შემცირდეს. ამის შეხებ გახარიამ 5 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლში ცვლილება შევიდეს. ამას გარდა, გახარია ამბობს, რომ კოვიდ-სასტუმროებში “თერაპიული ელემენტები” უნდა შევიდეს და საავამდყოფოებში მხოლოდ მძიმე პაციენტებმა უნდა იმკურნალონ.
“კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, -აცხადებს გახარია.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2401 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი.







