ახალი ამბები

ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

4 ნოემბერი, 2020 • 899
ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი საუბნო კომისიების შენობებთან მიმდინარე აქციების ფონზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ასევე, მოითხოვს კომისიების მიერ საჩივრების განხილვასა და ბიულეტენების თავიდან გადათვლას.

“დღეს საარჩევნო კომისიები განიხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრებს. მხოლოდ თბილისში შესულია მოთხოვნა 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზე. მაშინ, როდესაც სამგორის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანზე დემოკრატიობანა ითამაშეს და გახსნეს ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა განკარგულება, რომ არცერთი უბანი აღარ გაიხსნას და ხმები ხელახლა აღარ გადაითვალოს”, – განაცხადა გოგორიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ცენტრალური კომისია ბიულეტენების გადათვლის წინააღმდეგია, რადგან იცის, რომ “ყუთებში სხვა შედეგია, ხოლო ოქმებში – სხვა”.

“ამას მოწმობს ის, რომ პროპორციულში ყოველი მეორე და მაჟორიტარულში ყოველი მესამე ოქმი დაუბალანსებელია. პასუხისმგებლობა ეკისრება საარჩევნო ადმინისტრაციას, დაწყებული ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, დასრულებული საუბნო კომისიებამდე. ეს ადმინისტრაცია არის ქოცების შტაბის დანამატები. ისინი დირექტივებს იღებენ პარტიიდან. ეს არ იყო არჩევნები, ეს არ იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება”, – აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან, მათ შორის, ბათუმში, წყალტუბოში, გლდანში, ვაკე-საბურთალოში, ისანში და ბოლნისში.

ვითარება დაძაბულია ყველა საარჩევნო კომისიასთან. საოლქო კომისიის შენობებს პოლიცია იცავს, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საოლქო კომისები უარს აცხადებენ მათი საჩივრების განხილვაზე. ისინი საჩივრების განხილვაზე დასწრებას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

შეხლა-შემოხლის დროს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდით მდებარე შენობის ვიტრინა ჩაიმსხვრა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ბათუმის საოლქო კომისიასთან იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ დაშავებულთა შორის არის პოლიციელიც. მისი თქმით, საოლქო კომისიის შენობას პოლიცია ძალადობრივი შეჭრისგან იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი