ახალი ამბები

ცესკო სოციალურ ქსელებში დაფინანსებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს

4 ნოემბერი, 2020 • 959
ცესკო სოციალურ ქსელებში დაფინანსებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი აქტიურად აზიარებს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას, თუმცა სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება.

“მაგალითად, საარჩევნო უბანი №22.58.68 პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის იმ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების ჯამს”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, “რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი, სახელწოდებით ,,გაყალბებული ოქმები’’.

“მსგავს დაფინანსებულ გვერდებზე გავრცელებული ოქმები, რომლებიც თითქოსდა გაყალბებულია, მიზნად ისახავს საზოგადოების აზრის მანიპულაციას, ჩვენი მოქალაქეების დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას”, – განცხადა მან.

ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ ამ დეზინფორმაციას და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ გადამოწმებულ წყაროებს დაეყრდნონ.

ცესკოს განცხადებით, ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა, მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა შემაჯამებელ ოქმებთან დაკვშირებით, ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი