UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების მომდევნო ორ საშინაო მატჩს სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ თბილისში, დინამო არენაზე გამართავს.
15 და 18 ნოემბრერს გასამართ მატჩებს, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმის ახლად გახსნილ სტადიონს უნდა ემასპინძლა, თუმცა ორგანიზაციის ვებგვერდზე ნაცვლად ბათუმისა, თბილისია მითითებული.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ნოემრის თვეში გასამართი ყველა მატჩი თბილისში დინამო არენაზე გაიმართება. მათ შორის – ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები UEFA-ს შედარებით ახალ ტურნირში, C დივიზიონში ასპარეზობს. გუნდმა წინა ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა, თუმცა აღნიშნული მატჩების მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერი გახდება.
მანამდე, იმავე ვებ-გვერდის მიხედვით, თამაშები ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული თამაშების ჩატარება არ უკავშირდებოდა სტადიონის გახსნას. სტადიონი საბოლოოდ 27 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა. ის საქართველოში ბოლო წლებში აშენებული ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს UEFA-სა და FIFA-ს მოთხოვნებს.