პროკურატურის ინფორმაციით, ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ემუქრებოდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა ნაკრებისა და ფედერაციის წევრებს, სავარაუდოდ, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა, იმ დროისთვის ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე ემუქრებოდა. მომხდარის გამო ყაზაიშვილმა მაშინ ბოდიშიც მოიხადა.