ახალი ამბები

პოლონეთში აბორტის ამკრძალავი კანონის ამოქმედება გადაიდო

4 ნოემბერი, 2020 • 1739
პოლონეთში აბორტის ამკრძალავი კანონის ამოქმედება გადაიდო

პოლონეთში დროებით გადაიდო იმ კანონის ამოქმედება, რომელიც აბორტს კრძალავს. კანონს უკვე რამდენიმე კვირაა ათი ათასობით ქალი აპროტესტებს, ვინაიდან საკანონმდებლო ჩარჩო აბორტს თითქმის ყველა შემთხვევაში კრძალავს.

როგორც The Guardian წერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დისკუსია.

„ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია და კარგი იქნება, თუ დიალოგისთვის დროს გამოვყოფთ, რათა ახალი პოზიცია ვიპოვოთ არსებულ სიტუაციაში“, – ამბობს მიხაო დვორჟიკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი.

პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ აბორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 23 ოქტომბერს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყენაში უნდა აიკრძალოს აბორტი თითქმის ყველა შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც არსებობს დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც, ჩანასახს სერიოზული და შეუქცევადი დეფექტი აქვს.

თუმცა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად ორშაბათის „დედლაინისა“.

ამ გადაწყვეტილებას უკვე არაერთი დღეა პოლონეთის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ ქალების იძულებას, შეინარჩუნონ ნაყოფი მისი განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხების შემთხვევაშიც, მათთვის არასაჭირო ფიზიკური და მენტალური ტანჯვა მოაქვს.

გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აბორტის პრაქტიკის იატაკქვეშეთში გადატანას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, უბიძგებს ქალებს, საზღვარგარეთ ისარგებლონ ამ უფლებით.

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში ყოველწლიურად 2000 აბორტი კეთდება. თუმცა, უფლებადამცველთა თქმით, არაოფიციალური რიცხვი გაცილებით დიდია და 200 000-ს აჭარბებს. ნაწილი არალეგალურად, ნაწილი კი საზღვარგარეთ ხდება.

აბორტთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების მცდელობა პოლონეთში 2016 წელსაც ჰქონდათ, თუმცა პროცესი ათობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ შეჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი