ახალი ამბები

ივანიშვილის გარეშე გაყალბება არ მოხდებოდა – ინაშვილი

3 ნოემბერი, 2020 • 1022
ივანიშვილის გარეშე გაყალბება არ მოხდებოდა – ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არჩევნები არ გაყალბდებოდა და მას ცხოვრებაში არ შეხვედრია „ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო ადამიანი“.

3 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ ინაშვილმა თქვა: „ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი ამას, რასაც ახლა ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს ყველაფერი [არჩევნების გაყალბება და „ტოტალური მოსყიდვა“] არ მოხდებოდა“.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი იყო ინფორმირებული, რომ უნდა გაყალბებულიყო ეს არჩევნები, იყო ინფორმირებული, რომ მოსყიდვას ასეთი მასშტაბური სახე ექნებოდა. ეს არის მძიმე კრიზისი და სურათი, რაც შექმნეს ქვეყანაში, და მეტს გეტყვით: გადასარევად იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველაზე მეტი ხმა წაგვართვა ქართულმა ოცნებამ“, – თქვა ინაშვილმა.

„ჩვენი განადგურების მცდელობა იყო ამ 3%-ის დაწერა… მე ახლა ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები: ხომ გინდოდათ, რომ არ შევსულიყავით პარლამენტში? არ შევდივართ, ბატონო ბიძინა. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ისიც მინდა ვუთხრა, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მასზე უსამართლო ადამიანი არ შემხვედრია… და ჩვენდამი რაც გააკეთა, სწორედ ამ უსამართლობის და უმადურობის გამოხატულებაა“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

ნახეთ ასევე:

ბოიკოტი – ოპოზიციამ ერთობლივი შეთანხმება გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი