ახალი ამბები

ჩვენ რასაც ვიზამთ, ამას აჰყვება საერთაშორისო საზოგადოება – ვაშაძე

3 ნოემბერი, 2020 • 1295
ჩვენ რასაც ვიზამთ, ამას აჰყვება საერთაშორისო საზოგადოება – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არჩევნების შედეგებზე საუბრისას აცხადებს: „ჩვენ რასაც ვიზამთ, იმას აჰყვება საერთაშორისო საზოგადოება“.

„ზოგიერთი ამბობს, საერთაშორისო ორგანიზაციები ასე ამბობენ [რომ დარღვევები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის და ა.შ.]“, – თქვა ვაშაძემ და ყირგიზეთის მაგალითი გაიხსენა:

„ყირგიზეთი აიღეთ, თავიდან იქაც ეუთო/ოდირის დასკვნაში იგივე დასკვნა წერია, რაც ჩვენთან არის მითითებული. ძალიან მალე სხვაგავარად განვითარდა მოვლენები და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ სხვანაირად იყო თურმე პროცესი“, – თქვა ვაშაძემ 3 ნოემბერს ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

„ყველაფერი არის ჩვენს ხელში, ჩვენ რასაც ვიზამთ, იმას აჰყვება საერთაშორისო საზოგადოება“, – თქვა ვაშაძემ.

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამას წინ უძღოდა პროტესტი დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრში, შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, და სამთავრობო შენობების დაკავება დემონსტრანტების მიერ. 5 ოქტომბრის ღამით მომიტინგეებმა დაიკავეს შენობა, რომელშიც პარლამენტი და პრეზიდენტის ოფისია განთავსებული. მათ სხვა სამთავრობო შენობებში შესვლაც შეძლეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პროცესები ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების უკანონო მცდელობად შეაფასა. თუმცა პროტესტის შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ თანამდებობას დატოვებდა.

ვრცლა ამ თემაზე:

პროტესტის შემდეგ, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს


ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ისინი არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას და ხელახალ კენჭისყრას მოითხოვენ. ისინი ასევე ითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება ასეთია: მაგალითად, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.

აშშ-ის საელჩოს შეფასებითვე, საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები – ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა – მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელის, ტინი კოქსის შეფასებით, არჩევნების დღესვე შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და აქციებისკენ მოწოდება განვითრებული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი არ არის.

ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმღვანელმა ტინ კოქსმა, — რომელმაც თქვა, რომ პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესმა არჩევნების სამართლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, — მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ახალ პარლამენტს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ.

დარღვევები შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის საკმარისი არ არის – აშშ-ის საელჩო

მასალების გადაბეჭდვის წესი