ახალი ამბები

ოქმების დიდ ნაწილში შეცდომები “ოცნების” საზიანოდაა – მდინარაძე

3 ნოემბერი, 2020 • 1135
ოქმების დიდ ნაწილში შეცდომები “ოცნების” საზიანოდაა – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ოქმებში არსებული ტექნიკური ხასიათის შეცდომებით მანიპულირებს ისე, რომ შესწორების ოქმებს არ აჩენს.

მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა რამდენიმე ოქმი, რომელიც, მისი თქმით, “მმართველი პარტიის საუარესოდ არის “გაყალბებული” და ასევე, შესწორების ოქმები.

ერთ-ერთ ოქმში, რომელიც მდინარაძემ ჟურნალისტებს გააცნო, გიორგი ვაშაძეს 7 ხმა ჰქონდა, ხოლო კახი კახიშვილს – 8. შესწორების ოქმით კი ვაშაძის მონაცემი 87-ით შეიცვალა, კახიშვილის – 448-ით.

“ვაშაძეს თუ შეუძლია გამოთქვას ეჭვი, ასეთივე “ეჭვს” გამოვთქვამთ ჩვენც, რომ ვიღაცამ განზრახ არასწორად შეიტანა მონაცემები და კახიშვილს 400-ზე მეტ ხმას ჰპარავდა. შესწორების ოქმით, ცხადია, ეს დისბალანსი გასწორდა. ჩვენ რომ ვიყოთ ახლა ოპოზიცაში, თუ ვიკადრებდით და ასეთ ოქმს ავაფრაილებდით, რომ ვიღაცამ გაგვიყალბა შედეგები და არ გამოვაჩენდით შესწორების ოქმს, ვიღაცას ეჭვი შეეპარებოდა, რომ რაღაცაშია საქმე და არაა ტექნიკური შეცდომა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ასეთი ოქმები, სამწუხაროდ, არის ათეულობით.

“ამ ოქმების ძალიან დიდი ნაწილი პროცენტულად არის “ქართული ოცნების” და მისი კანდიდატების საუარესოდ და საზიანოდ. ვიღაცამ განზრახ რომ იკადროს ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა, ამას თავის საუარესოდ არ გააკეთებს. ეს არის უტყუარი დასტური იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მექანიკურ შეცდომებს, რაც ყველგან და ყველა არჩევნებზე ხდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

იმის დასტურად, რომ ცესკოს წინასწარი შედეგები დიდად არ განსხვავდება ISFED-ის პარალელური დათვლისა და ტელეკომპანიების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლებისგან, მამუკა მდინარაძემ დღევაბდელ პრესკონფერენციაზე, პრეზენტაციის სახით, საარჩევნო კვლევების, ეგზიტპოლების, ISFED-ის პარალელური დათვლისა და ცესკოს ოფიციალური შედეგების შედარებითი ანალიზი წარმოადგინა. მდინარაძის პრეზენტაცია არ მოიცავდა “იმედის” ეგზიტპოლს, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” 31 ოქტომბერს გამარჯვება იზეიმა და რომელიც ყველაზე მეტად აცდენილი აღმოჩნდა დამდგარ შედეგთან.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციური არხის [ფორმულა] დაკვეთით ჩატარებულ საბოლოო ეგზიტპოლსა და არჩევნების წინასწარ შედეგებს შორის, “ქართული ოცნების” ნაწილში, მხოლოდ 2,22%-იანი ცდომილებაა. ეგზიტპოლები [იმედის ჩათვლით], მდინარაძის თქმით, უფრო ზუსტი იყო პატარა პარტიების შედეგების პროგნოზში.

“რუსთავი 2”-ის — დამოუკიდებელი მედიასაშუალების, რომლზეც ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აბალანსებს გაშუქებას — შემთხვევაში, არის მაქსიმუმ 3%-იანი ცდომილება ეგზიტპოლსა და დამდგარ შედეგებს შორის. ობიექტურად უნდა ითქვას, რიგ შემთხვევებში, “ფორმულას” მიერ ჩატარებულ კვლევებში არის მეასედები ცდომილება და ზოგ შემთხვევაში – 3%-იანი. მგონი, სურათი ძალიან ნათელია — აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს ორგანიზაციებმა და გადმოსცეს საზოგადოებას. ყველა პატარა პარტია წინასწარ იყო ინფორმირებული, მეასადებით დაემთხვა მათი შედეგები როგორც “ედისონ რისერჩის”, ისე ხშირ შემეთხვევაში, “მთავარი არხის” დაკვეთიდ შესრულებულ და “რუსთავი 2”-ის კვლევებს. “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მონაცემებისგან განსხვავებით, სადაც შედარებით დიდი, 5-6%-იანი სხვაობაც კი იყო შედეგებში “იმედის” დაკვეთით შესრულებულ კვლევებში, სხვა კვლევებში ასეთი უზუსტობები, შეუსაბამობები პატარა პარტიებთან მიმართებაში არ ყოფილა”, – განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ მოუწოდა ISFED-ს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელი უბნების მონაცემების პარალელური დათვლის შედეგებით დადგა თუნდაც 2%-იანი სხვაობა ცესკოს წინასწარ მონაცემებთან.

https://www.canva.com/design/DAEML78ZMFs/view

 

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

მასალების გადაბეჭდვის წესი