ახალი ამბები

ერთი პირი რამდენჯერმე აძლევს ხმას – TI [ვიდეო]

3 ნოემბერი, 2020 • 1229
ერთი პირი რამდენჯერმე აძლევს ხმას – TI [ვიდეო]

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს საჩივარი მარნეულის 65-ე საარჩევნო უბნის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს.

“საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი მარნეულის #13.22.65 უბნის ბათილობის შესახებ. ამ უბნის შედეგების გაბათილებას ჩვენი დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეომტკიცებულების საფუძველზე ვითხოვდით, სადაც ფიქსირდება ერთი და იგივე პირის მიერ ხმის არაერთგზის მიცემის ფაქტი”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საოლქო კომისიამ დარღვევა დაადასტურა, თუმცა შედეგების გაბათილებაზე უარი განაცხადა და იმით შემოიფარგლა, რომ საარჩევნო ყუთის ზედამხედველ კომისიის წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა.

ორგანიზაცია არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყეტილებას და მის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანა ილურიძეს, რათა გაიგოს, თუ რა გარემოებებითა და მტკიდებულებებით იხელმძღვანელა კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს ვიდეოკადრებსაც, სადაც, ორგანიზაციის განცხადებით, ჩანს, თუ როგორ აძლევს ერთი და იგივე პიროვნება რამდენიმეჯერ ხმას.


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, მარნეულისა და გარდაბნის გაერთიანებული ოლქის 124 უბნის მონაცემებით, მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში შეძლო გამარჯვება ქართული ოცნების კანდიდატმა ზაურ დარგალმა, რომელმაც ხმათა 51.62 % მიიღო. არჩევნების დღეს ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნულ ოლქში არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ საუბრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი