ახალი ამბები

ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

2 ნოემბერი, 2020 • 1053
ოპოზიცია აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ოპოციზიამ განაცხადა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს.

„არჩევნების შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას. დარღვეულია მთავარი კონსტიტუციური უფლება – უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამის გათვალისწინებით, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ რეალურად არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა აჭარის უმაღლეს საბჭოში.

ასევე, დღეს აჭარაში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც ბათუმში ხვალ, 3 ნოემბერს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება.

თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შევა, აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პარტია, „ქართული ოცნება“ იქნება.

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ავტონომიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართა.

უსკოს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ  ორმა საარჩევნო სუბიექტმა: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი