ახალი ამბები

საქართველომ ევროპული არჩევნები ჩაატარა – პრეზიდენტი

1 ნოემბერი, 2020 • 1101
საქართველომ ევროპული არჩევნები ჩაატარა – პრეზიდენტი

“საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანი, სამართლიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები, შეიძლება ითქვას, რომ ევროპული არჩევნები”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.

“ჩვენ შევძელით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის მაჩვენებლით და მძიმე დარღვევების გარეშე. თითოეულ ამომრჩეველს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ამისთვის მინდა ვუთხრა მადლობა, რადგან ეს ყველას გამარჯვებაა”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და სამართალდამცველებს, რომლებმაც “საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოება უზრუნველყვეს და ყველა საჭირო შემთხვევაში მოახდინეს მყისიერი რეაგირება, რამაც დაიცვა ჩვენი მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება”.

სალომე ზურაბიშვილი, ასევე, მადლობას უხდის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ამბობს, რომ მისთვის საამაყოა “საარჩევნო გარემოსა და პროცესების პოზიტიური შეფასება”.

“ჩვენ შევძელით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა. მშვიდობიანად დამთავრდა საარჩევნო პროცესი იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სომეხი და აზერბაიჯანული წარმოშობის ჩვენი მოქალაქეები. ეს იმის ნიშანია, რომ ამ ურთულესი და მტკივნეულ კონფლიქტის პირობებში, საქართველო კვლავ არის სტაბილურობის კუნძული და ქვეყანა, სადაც კავკასიური თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ტრადიციები გრძელდება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური როლის შესრულებას იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში აღდგეს მშვიდობა, რაც სამივე ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა. დაბოლოს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ქართულმა საზოგადოებამ დაამარცხა ნიჰილიზმი და საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში სრულდება”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი