ნეტგაზეთი | “ქართული ოცნება” დამარცხდა – ბადრი ჯაფარიძე “ქართული ოცნება” დამარცხდა – ბადრი ჯაფარიძე – Netgazeti
RU | GE  

“ქართული ოცნება” დამარცხდა – ბადრი ჯაფარიძე

“ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების გადამწყვეტი ეტაპი უბნების დახურვა და ხმების დათვლის პროცესია, ამიტომ  “ლელოს” წარმომადგენლებს მობილიზებისკენ მოუწოდებს. ამავე დროს, ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნება” დამარცხდა.

“ცალსახაა, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა. სხვადასხვა ეგზიტპოლები ქვეყნდება და მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებსა და, პირველ რიგში, დამკვირვებლებს, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც ხმების დათვლა იწყება. ჩვენი მონაცემებით “ლელო საქართველოსთვის” აქვს მნიშვნელოვანი შედეგი ამ არჩევნებზე. ამიტომ აუცილებელია, საგულდაგულოდ ყველა ხმა უნდა იქნეს დათვლილი, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს შედეგების გაყალბების საშუალება არ მივცეთ”,-აცხადებს ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძის თქმითვე, “ქართული ოცნება” დამარცხებული ძალაა და ახლა ოპოზიციამ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უნდა იფიქროს.

“მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ ხვალიდან ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება ჩვენს ქვეყანაში. “ქართული ოცნება” დამარცხებული ძალაა, ახლა უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ კოალიციური მთავრობისა და კოალიციური ხელისუფლების შექმნა, მაგრამ იმისთვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს, აუცილებელია ყველა საარჩევნო უბანზე, დათვლის პროცესში მაქსიმალური მობილიზაცია იყოს”,-აცხადებს ჯაფარიძე.

ოთხი ტელევიზიის ეგზიტპოლის შედეგები 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.