ახალი ამბები

არჩევნებს ევროპელი დიპლომატების 70 გუნდი დააკვირდება

30 ოქტომბერი, 2020 • 1275
არჩევნებს ევროპელი დიპლომატების 70 გუნდი დააკვირდება

ევროკავშირის განცხადებით, ეუთო/ოდირის მისიის დასახმარებლად, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკირვებელთა შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი, საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება.

ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70-ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა.

ევროპელ დიპლომატთა გუნდი შედგება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების თანამშრომლებისგან (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი) და ასევე, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებისგან.  სადამკვირვებლო ინიციატივა აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებთან კოორდინაციით განხორციელდება.

“არჩევნების დღეს ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს, განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომელიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება.

“ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს”, – დასძინა მან და ამომრჩევლებს მოუწოდა, ყველას გააგონონ თავიანთი ხმა ამ არჩევნებზე — უსაფრთხოდ და საიმედოდ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპელ დიპლომატთა სადამკვირვებლო გუნდი ევროკავშირის სიმბოლიკიანი მანქანებით,  ევროკავშირის სიმბოლიკიან ჟილეტებითა და ქუდებით გადაადგილდება. ისინი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომებს დაიცავენ.

ეუთო/ოდირის მისია, რომლის დახმარებასაც ისახავს მიზანს ადგილობრივ დიპლომატთა აქტივობა, არჩევნებს შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლებით აკვირდება. თავდაპირველად ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავდა, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გამოეგზავნა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.

“საგანგებო გარემოებები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ-პანდემიით განპირობებული აკრძალვებით მოგზაურობაზე, ნეგატიურად აისახა წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობაზე, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მისიაში. ამან  მნიშვნელოვანი დეფიციტი შექმნა, რაც შეუძლებელს ხდის არჩევნების დღეს პროცედურებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საკმარისი რაოდენობით მოკლევადიანი დამკვირვებლის განთავსებას, მით უმეტეს, პანდემიასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სირთულეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, OSCE/ODIHR-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმატი ლიმიტირებული მისიით ექსპერტებისა და გრძლევადიანი დამკვირვებლების მონაწილეობით”, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

NDI-ის საერთაშორისო მისია არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი