ნეტგაზეთი | გამოძიება დაიწყო ძალადობის 59 საქმეზე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება – კვლევა გამოძიება დაიწყო ძალადობის 59 საქმეზე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება – კვლევა – Netgazeti
RU | GE  

გამოძიება დაიწყო ძალადობის 59 საქმეზე, რომელიც არჩევნებს უკავშირდება – კვლევა

სექტემბრის მეორე ნახევრიდან 20 ოქტომბრამდე გამოძიება დაიწყო ძალადობის 59 საქმეზე, რომელიც არჩევნებს ასე თუ ისე უკავშირდებოდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი.

„ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის“ – ასე ჰქვია კვლევას, რომლის სრულ ვერსიასაც ორგანიზაცია არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს. დღეს კი საჯარო გახდა მისი შუალედური ანგარიში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ 2020 წლის წინასაარჩევნოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან, გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი.

„ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ყველა ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ცალკეულ შემთხვევებში სწრაფადვე დააკავა რამდენიმე პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებულია გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – ამბობს ორგანიზაცია.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოძიებულ საქმეთა დაბალი რაოდენობის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის საგნად იქცა – „საგამოძიებო უწყების მხრიდან არასათანადო გამოძიების წარმოება საარჩევნოდ აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევად მიიჩნევა“.

თავის მხრივ კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიის” სხდომაზე არაერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა ძალადობა, სათანადოდ არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

  • ძალადობა: სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი მაჩვენებლის  გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის სამიზნედ  იქცა.
  • საკუთრების დაზიანება (7 შემთხვევა): სექტემბრის მეორე ნახევრიდან ასევე გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.
  • სამსახურიდან გათავისუფლება (3 შემთხვევა): საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
  • პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა.  გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა.
  • საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

რა არის ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება წინასაარჩევნოდ? – „გამჭვირვალობის“ განმარტება:

ადმინისტრაციული რესურსის და მისი საარჩევნო მიზნით გამოყენების ზუსტი და საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არც ქართულ და არც საერთაშორისო კანონმდებლობაში არ არსებობს, თუმცა ამ საკითხს არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი ეხება და ცდილობს მასთან დაკავშირებით გარკვეული სახის ერთგვაროვანი მიდგომა ჩამოაყალიბოს.

ამ დოკუმენტებისა და მეცნიერთა მოსაზრებების ანალიზზე დაყრდნობით ორგანიზაცია იყენებს ადმინისტრაციული რესურსების შემდეგ კატეგორიებს:

სქრინი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშიდან

როგორც „გამჭვირვალობაში“ ამბობენ, საკვლევი პერიოდი პირველი ივლისიდან 20 ოქტომბრამდე დროს მოიცავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან