„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ ზუგდიდის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები იმიტომ არ იცის, რომ სპეცოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იცის მედიამ და საზოგადოებამ უფრო მეტი ამ საქმეზე, — „არ ვიცით, მარტო დატოვა საზღვარი, დატოვა თუ არა საზღვარი, რა რაოდენობის თანხა წაიღო“, — კობახიძემ უპასუხა:
„სპეცოპერაცია არ არის დასრულებული და იმიტომ არ იცის. სპეცოპერაცია როდესაც დასრულდება, ყველა დეტალთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია“.
„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. იმიტომ, რომ როცა საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება პრობლემა შეუქმას ოპერაციის წარმატებით დასრულებას… დანარჩენი არის სპეკულაციები“, – განაცხადა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
კობახიძის თანახმად, წარმატებით დასრულდა პირველი ეტაპი, რომლის მიზანიც იყო მძევლების გათავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს ოპერაციის დასრულებას.
კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „მთავარი არხი“ და ისაუბრა მედიის პასუხისმგებლობაზე: „ძალიან მძიმე იყო, რაც ხდებოდა მედიაში, მათ შორის ამ კონკრეტულ მედიაში, „გლავ-კანალში“, და დღესაც გაგრძელდა ეს ყველაფერი. დღევანდელი ქმედებებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშუალის ნიშნებს“.
„მთავარი არხის“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებში“, მან უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გვექნება აუცილებლად საუბარი“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბრის დილის 5 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გამტაცებელი კი, რომელსაც ერთ-ერთი მძევლის თანახმად პოლიციელებმა თანხა გადასცეს, ჯერ არ დაუკავებიათ.
მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე