ახალი ამბები

ზატულინი: საქართველომ მშვიდად უნდა მიიღოს, რომ შესაძლოა მისი ტერიტორიის გავლით რუსული დესანტი სომხეთში გაიგზავნოს

22 ოქტომბერი, 2020 • 3522
ზატულინი: საქართველომ მშვიდად უნდა მიიღოს, რომ შესაძლოა მისი ტერიტორიის გავლით რუსული დესანტი სომხეთში გაიგზავნოს

რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სომხეთში რუსული დესანტის გასაგზავნად. ამის შესახებ მან რუსეთის „ახალი ამბების ეროვნულ სამსახურს“ უთხრა.

როგორც გამოცემა იუწყება, ზატულინის თქმით, რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში „წამყვანი ქვეყანაა“:

„[ეს უნდა მოხდეს] სომხეთის სამხედრო პოტენციალის დემონსტრაციული გაძლიერებით. მიმართვა უნდა გაკეთდეს „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში“ სომხეთის — არა ყარაბაღის, არამედ სომხეთის ტერიტორიის დაცვის აუცილებლობის შესახებ დესანტური ოპერაციით. საჰაერო ბლოკადის გარღვევით.

თუ საჭირო იქნება, მკაფიოდ უნდა ავუხსნათ საქართველოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მშვიდად უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ მათი ტერიტორიის გავლით სომხეთში გაიგზავნება ძალები და ტვირთები.

ეს იძულებითი ზომაა, რადგანაც საუბარი მიდის კავკასიაში „ბოევიკების“ ყოფნაზე, რომელთა გამოც დაშავდება რუსეთიც, საქართველოც და ყველა სხვა. იქმნება საფრთხე სომხური მოსახლეობისთვის, რომელსაც ისტორიულად ახსოვს ამ რაიონში მომხდარი გენოციდი. ჩვენ ზომები უნდა მივიღოთ“, — აცხადებს ზატულინი.


27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი