თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 15 ივნისს აზერბაიჯანში, ყარაბაღის მეორე ომის დროს დაკავებულ ქალაქ შუშაში ჩავიდა.
მისი ვიზიტი არის ომის შემდგომ პირველი შემთხვევა, როდესაც ყარაბაღს უცხო სახელმწიფოს ლიდერი ესტუმრა.
შუშაში ყოფნისას ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა გააფორმეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება, სახელწოდებით “შუშის დეკლარაცია”, რომელიც ქვეყნებს შორის სამხედრო, სატრანსპორტო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს.
ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ერდოღანის ვიზიტს კონფლიქტის ზონაში, რას გულისხმობს მხარეებს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება და რა გზავნილებს შეიცავს რეგიონის წევრი სახელმწიფოებისათვის.
პირველი ვიზიტი ომის შემდეგ
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი შუშაში ოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან და თურქული მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მას ოფიციალური დახვედრა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოუწყო.
პრეზიდენტებმა ქალაქში ვიზიტის დროს დაათვალიერეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დაესწრნენ საზეიმო ღონისძიებებს.
ასევე ხელი მოაწერეს თურქეთ-აზერბაიჯანის ახალ ხელშეკრულებას. ერდოღანის განცხადებით, შუშაში გაიხსნება თურქეთის საკონსულო, ასევე, ანკარა ყველანაირად დაეხმარება “ბაქოს ყარაბაღის რეკონსტრუქციის პროცესში”.
ილჰამ ალიევი და რეჯეპ დაიპ ერდოღანი შუშაში მეუღლეებთან ერთად. ფოტო/Recep Tayyip Erdoğan
ერდოღანის ვიზიტი დაემთხვა “აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის დღეს”, რომელიც ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში დაბრუნების დღეცაა და 15 ივნისს აღინიშნება.
შუშა [შუში] ყარაბაღის პირველ ომამდე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო.
ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისა და ქალაქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.
შუშას დეკლარაცია
ორ ქვეყანას შორის დეკლარაციის გაფორმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება არის ისტორიული. მისივე თქმით, სიმბოლურია ისიც, რომ ხელშეკრულება ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 წლისთავზე გაფორმდა.
“საერთაშორისო დონეზე ის ხაზს უსვამს ჩვენს თანამშრომლობას, ერთობლივ აქტივობებს, პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს, კულტურას, განათლებას, სპორტსა და პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროს”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, დეკლარაცია ცხადყოფს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და კონკრეტულად გაზის სამხრეთის კორიდორის მნიშვნელობას თურქეთისთვის, აზერბაიჯანისა და ევროპისათვის.
ალიევმა გამოყო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც აღნიშნულ დეკლარაციაში მახვილდება ყურადღება.
- სამხედრო თანამშრომლობა
“პირველი საკითხი არის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. თავდაცვის ინდუსტრიისა და სამხედრო ურთიერთდახმარების საკითხები ასახულია ამ ხელშეკრულებაში. ეს არის ისტორიული მიღწევა. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ხელშეკრულების სრული ტექსტი აზერბაიჯანულ ენაზე გამოაქვეყნა ადგილობრივმა გამოცემა Report.az-მა. კიდევ ერთი აზერბაიჯანული გამოცემის, Trend.az-ის თანახმად, შუშაში გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს სამხედრო ურთიერთდახმარებას იმ შემთხვევაში, როდესაც თურქეთის ან აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობას საფრთხე ემუქრება.
Trend.az-ის თანახმად, დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს სამხედრო ტექტონოლიგიების, წვრთნებისა და შეიარაღების გაუმჯობესების კუთხით ურთიერთდახმარებასაც.
- ტრანსპორტი
ალიევის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დეკლარაციაშია ხაზგასმული, არის სატრანსპორტო თანამშრომლობა.
“დეკლარაცია შეიცავს ძალიან ნათელ, გასაგებ განცხადებებს ზანგეზურის [სიუნიქის] კორიდორის შესახებ. ეს არის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ზანგეზურის კორიდორის შესახებ, რომელიც დააკავშირებს თურქეთსა და აზერბაიჯანს სარკინიგზო და საავტომობილო გზებით, არამედ ჩვენ ვქმნით ამ კორიდორს ხელშესახები მუშაობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ასახულია ერთობლივ დეკლარაციაში”, – განაცხადა ალიევმა.
რუსეთის ფედერაციას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, რომლის შემდეგაც ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, სომხეთის სიუნიქის რეგიონში უნდა აშენდეს სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთს აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას და შესაბამისად, თურქეთს დააკავშირებს. რუკაზე დატანილია ნახიჩევანის [ზანგეზურის/სიუნიქის] კორიდორების შესაძლო მარშრუტები.
პრეზიდენტების მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ხელშეკრულება ასევე გულისხმობს ურთიერთდახმარებას ტერორიზმთან ბრძოლის კუთხითაც.
ერდოღანმა შუშაში ყოფნისას ყურადღება გაამახვილა რეგიონალური თანამშრომლობის “3+3” ინიციატივაზეც.
“ამ პლატფორმით [3+3] ჩვენ გვინდა, რეგიონი ვაცხოვროთ მშვიდობაში. მე და ჩემი ძმა [ილჰამ ალიევი] მზად ვართ გადავდგათ ეს ნაბიჯი. ასევე მზადაა ბატონი პუტინიც. ყველა, ვისაც სურს მიიღოს სარგებელი რეგიონში შექმნილი ახალი ვითარებით, უნდა შეწყვიტოს სიძულვილის პოლიტიკა და მხარი დაუჭიროს მშვიდობასა და თანამშრომლობას. როცა ასეთი კლიმატი შეიქმნება, ჩვენ შევასრულებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის”, – განაცხადა ერდოღანმა.
რა გზავნილებს ატარებს ვიზიტი და გაფორმებული ხელშეკრულება
რონდელის ფონდის მკვლევრი,ს ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ვიზიტი ქალაქ შუშაში ატარებს დიდ სიმბოლურ დატვირთვას და აჩვენებს, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უცხადებს მხარდაჭერასა და ის იქნება რეგიონში წარმოდგენილი.
“ერდოღანი ნამყოფია აზერბაიჯანში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. მათ [ერდოღანმა და ალიევმა] ერთობლივი აღლუმიც ჩაიბარეს ბაქოში, მაგრამ უშუალოდ ყარაბაღში ეს პირველი ვიზიტია. ქალაქ შუშას სიმბოლური დატვირთვა აქვს აზერბაიჯანისთვის და ეს ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმება არის ერთგვარი სიმბოლო და მინიშნება იმაზე, რომ ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა”, – აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.
მისი თქმით, საგულისხმოა ისიც, რომ შუშაში გაიხსნება თურქეთის საკონსულო, რასაც ასევე აქვს სიმბოლური დატვირთვა და გულისხმობს თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანისადმი მუდმივ მხარდაჭერას.
თურქეთის ქართველი მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ვიზიტი შუშაში თურქეთის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი ნაბიჯია.
“თურქეთი კვლავ აგრძელებს მეტწილად შიდა მოხმარებაზე გათვლილ საგარეო პოლიტიკას, სადაც აზერბაიჯანში ვიზიტი თურქულ-ნაციონალური ნარატივის მნიშვნელოვანი გზავნილია”, – აცხადებს სანდრო ბაკურაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.
“მეორე მხრივ, თურქეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კავკასიაში გარკვეული როლის კვლავ შენარჩუნება. ამ მხრივ, ერდოღანის შუშაში ვიზიტი და ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება თურქეთის კავკასიაში ყოფნის სიმბოლურ და დე იურე საფუძვლის გამზადებად შევაფასოთ”, – აცხადებს სანდრო ბაკურაძე, თუმცა დასძენს, რომ არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, თურქეთს ნაკლებად აქვს კავკასიაზე დომინირების შესაძლებლობა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია გაფორმებული ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილი.
“ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ ყარაბაღის აღდგენაში. თავად თურქეთში, ეკონომიკური პრობლემებისა და ერდოღანის პარტიის დიდი ქალაქების მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ამ კომპანიების საერთაშორისო პროექტებში ჩართვით იგი ცდილობს დააკმაყოფილოს მისდამი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენები”, – მიაჩნია სანდრო ბაკურაძეს.
ბაკურაძის თქმით, თურქეთი ერთგვარად ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, თუმცა, მკვლევრის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ინტერესები კონფლიქტის ზონაში რეალურად დაუპირისპირდება რუსულ ინტერესებს, ამაზე კი რუსეთს ექნება სამხედრო რეაგირება, მაშინ თურქეთი ვერ შეძლებს ბაქოსთვის რეალური მხარდაჭერის აღმოჩენას.
გამოხმაურება ერევნიდან
თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტს შუშაში გამოეხმაურა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც მომხდარი მკაცრად დაგმო და პირდაპირი პროვოკაცია უწოდა.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივ ვიზიტს არცახის სომხურ ისტორიულ და კულტურულ ცენტრში – შუშში [შუშა], რომელიც ამჟამად აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშაა. ეს არის რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი პროვოკაცია”, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური ერევნის თანახმად, ვიზიტს წინ უძღოდა სომხური კულტურული, ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება და სომეხი ხალხის გენოციდის მემორიალის სრულად დანგრევა.
“თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების ამგვარი მოქმედებები მნიშვნელოვნად უთხრის ძირს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა რეგიონში დამყარდეს სტაბილურობა, რაც სრულიად მიუღებელია. არცახის სომეხი მოსახლეობის უფლებების აღდგენა, რაც ასევე გულისხმობს არცახის რესპუბლიკის ტერიტორიების დეოკუპაციას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის წინააღმდეგ თურქულ-აზერბაიჯანული გენოციდის საფრთხეებისადმი გამკლავებისთვის.
ამგვარი პროვოკაციული მოქმედებები ნათელყოფს ბაქოსა და ანკარის მიერ გაკეთებული განცხადებების სიყალბეს სომხეთთან და სომეხ ხალხთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა აზერბაიჯანული მხარე.
აზერბაიჯანული გამოცემა Apa.az ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ლეილა აბდულაევას განცხადებას, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი მოუწოდებს სომხეთს, “გააცნობიეროს რეალური ვითარება და არ იმოქმედოს ილუზიების თანახმად”.
“პირველ რიგში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილება არ არის, კომენტარი გააკეთოს მეზობელი სახელმწიფოების ლიდერების ვიზიტზე.
რაც შეეხება გავრცელებულ განცხადებას, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ არის მმართველი რგოლი, მსურს ყურადღება გავამახვილო იმათზე, რომლებიც რჩებიან უწყებაში და რომლებმაც მოამზადეს ეს განცხადება. ქვეყანას არ შეუძლია მოახდინოს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაცია, ნაცვლად ამისა, მას შეუძლია ის გაათავისუფლოს. ეს იყო 44-დღიანი ომის შედეგი, როდესაც აზერბაიჯანმა გაათავისუფლა საკუთარი მიწები და უზრუნველყო საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა.
ჩვენ ვურჩევთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კარგად გაეცნონ სამი ქვეყნის, მათ შორის სომხეთის, ლიდერების მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებებს და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ეს განცხადებები შესრულდეს. სომხეთი უნდა მოქმედებდეს რეალური ვითარების გათვალისწინებით და არა ილუზიებზე დაყრდნობით”, – განაცხადა ლეილა აბდულაევამ ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას.
აბდულაევას განცხადებით, შუშის დეკლარაცია მიზნად ისახავს მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას.