ახალი ამბები

პრეზიდენტი ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარტიებსა და მედიას მოუწოდებს

21 ოქტომბერი, 2020 • 620
პრეზიდენტი ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პარტიებსა და მედიას მოუწოდებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, “საქართველოს ბანკთან” მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებსა და მედიასაშუალებებს მიმართავს.

“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”, – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

მედიას მოვლენათა ეპიცენტრიდან პირდაპირი ეთერის შეზღუდვისკენ მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში დაახლოებით 14 საათზე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 20-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად. ის უსაფრთხოების გარანტიებსა და 500 ათასს აშშ დოლარს ითხოვს. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მედია, იქ არიან პოლიტიკოსები და მძევლების ახლობლებიც. პოლიტიკოსებს შორის ცოტა ხნის წინ დაძაბულობა იყო.

დაპირისპირება ზუგდიდში, “საქართველოს ბანკთან”, სადაც მძევლებია აყვანილი

მასალების გადაბეჭდვის წესი