ახალი ამბებისაზოგადოება

კერძო სადაზღვევოები კოვიდის მართვაში ერთვებიან? – როგორი იქნება მათი როლი

22 ოქტომბერი, 2020 • 2065
კერძო სადაზღვევოები კოვიდის მართვაში ერთვებიან? – როგორი იქნება მათი როლი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს, საერთო ჯამში, ამ დრომდე თითქმის 23 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ამ ადამიანების ნახევარზე მეტი კი კვლავ ავადმყოფობს. ეპიდსიტუაციის გართულებასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ პროტოკოლებიც შეცვალა და მსუბუქი სიმპტომების მქონე ან უსიმპტომო პაციენტები სახლში ან სასტუმროებში მკურნალობას განაგრძობენ. ეპიდსიტუაციის დამძიმებასთან ერთად გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ექიმის დისტანციური კონსულტაციის ან სამედიცინო მომსახურების მიღების დაგვიანების შესახებ საუბრობენ, დაფიქსირდა კოვიდ სასტუმროში პაციენტის გარდაცვალების ფაქტიც.

როგორც გასული კვირის ბოლოს გაირკვა, ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ამ სექტორის რესურსის გამოყენებაც მოხდეს. რა მიმართულებით ჩაერთვება სადაზღვევო სექტორი და რამდენად მზად არის ამისთვის? ამასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას დაუკავშირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა სადაზღვევო კომპანიების ჩართულობაზე

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას თქმით, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციასთან მოლაპარაკებების შედეგად სამინისტრო გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდა. კერძოდ, მისი განმარტებით, სადაზღვევო კომპანიები კორონავირუსის მქონე იმ პირებს, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს და სახლში განაგრძობს მკურნალობას, ონლაინ კონსულტაციებით მოემსახურებიან. ამ დროისთვის კერძო დაზღვევის სისტემა კორონავირუსის მკურნალობის სქემიდან მთლიანად ჩახსნილია.

“სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა ამ პროცესებში გათვალისწინებულია ბინაზე მკურნალობის და ონლაინ კლინიკების მიმართულებით. კერძო კომპანიის დაზღვევით მოსარგებლე ადამიანებს დააკვალიანებს შესაბამისი სადაზღვევო კომპანია, რაც გულისხმობს, რომ ცხელების და კოვიდის შემთხვევაში, 112-ში შემავალი ზარები განაწილდება როგორც ონლაინ კლინიკებზე, ასევე, სადაზღვევო კომპანიების შესაბამის კლინიკებზე. აქ კი ოჯახის ექიმები იქნებიან მობილიზებული და ისინი ჩაატარებენ ტრიაჟსაც და შემდეგ უკვე ბინაზე მეთვალყურეობის პროცესში ჩაერთვებიან იმის მიხედვით, კოვიდ დადასტურებულია პაციენტი თუ სხვა მიმართულებით ესაჭიროება მეთვალყურეობა”, – განმარტა ადამიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაციის პროცესში სადაზღვევო კომპანიების ჩართვის საჭიროება არ დგას, შესაბამისად, ეს რესურსი გამოიყენება მხოლოდ ონალინ კლინიკების განსატვირთად.

“ამ ეტაპზე გათვალისწინებულია მხოლოდ მსუბუქი პაციენტებისთვის კონსულტაციების გაწევა, იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტის მდგომარეობა გართულდება, მას დაუყოვნებლივ გადაიყვანენ კლინიკაში, ამაზე კი პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში შეიცვალოს პროტოკოლი და მცირე გართულების შემთხვევაში პაციენტებს ბინაზე ვიზიტიც დასჭირდეთ, ამ შემთხვევაში კი ისინი ჩვეულებრივად, შესაბამისი ეკიპირებით ესტუმრებიან პაციენტებს სახლში”, – განმარტა ადამიამ.

რაც შეეხება იმ ექიმების გადამზადებას, რომლებიც კერძო დაზღვევის ფარგლებში ჩაერთვებიან პროცესში. ადამიას განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ოჯახის ექიმების გადამზადება, შემდეგ კი სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში.

მისი თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად სახლემწიფოს, საერთო ჯამში, დაახლოებით 170 ოჯახის ექიმი ჰყავს მობილიზებული, მათი ნაწილი უკვე გადამზადებულია, ნაწილი კი ამ პროცესებში ხვალიდან ჩაერთვება. თუმცა, ადამიასვე განმარტებით, პერიოდულად ხდებოდა ოჯახის ექიმების გადამზადება ამ მიმართულებით, მაგრამ რადგან მათი რესურსის გამოყენების საჭიროება არ იდგა, პროცესში ჩართვისას პერსონალს კიდევ დასჭირდება ერთდღიანი ტრენინგი. ოჯახის ექიმი კორონავირუსის მართვაში პირველი რგოლია, თავდაპირველად პაციენტი სწორედ ოჯახის ექიმს უკავშირდება და აწვდის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამჟამად სადაზღვევო კომპანიების მხრიდან გადასამზადებელი ოჯახის ექიმების კონკრეტული რაოდენობა არ არის განსაზღვრული, თუმცა, ადამიას განმარტებით, ეს რაოდენობა არსებული მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება, კონკრეტული რიცხვს კი სადაზღვევო კომპანიები საკუთარი რესურსიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავენ.

ხომ არ არის დაგვიანებული კოვიდის მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართვა? ადამიას თქმით, ამ დრომდე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სადაზღვევო კომპანიების ჩართვის საჭიროება არ იდგა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი რესურსი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ამ ეტაპზე კი, როდესაც მათი ჩართვის საჭიროება დადგა, ადამიას განამრტებით, ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების გასაწევად სადაზღვევო კომპანიები მზად არიან და ეს ყველაფერი შეთანხმებულია მათთან.

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პოზიცია

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თამჯდომარემ კი “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან და მათთან მხოლოდ ზეპირსიტყვიერი საუბარი ჰქონდათ. დევი ხეჩინაშვილის თქმით, საბოლოო შეთანხმებისთვის ასოციაციას წერილობით გაწერილი გეგმა სჭირდება, თუ კონკრეტულად როგორ უნდა ჩაერთონ სადაზღვევო კომპანიები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

მისი თქმით, საუბარია სადაზღვევო კომპანიების ორი მიმართულებით ჩართვაზე:

  • ონლაინ ტრიაჟი – ანუ შემოსული ზარებისას სწორი მიკუთვნება, ვინ უნდა დარჩეს სახლში და ვინ უნდა გადავიდეს კლინიკაში
  • ონლაინ კონსულტაციები – სახლში დარჩენილი პაციენტების ონლაინ მონიტორინგი

“არაფერზე შევთანხმებულვართ, გუშინ დავიწყეთ [ჯანდაცვის სამინისტროსთან] რაღაცებზე საუბარი, ეს საუბარი გაგრძელდება იმიტომ, რომ უნდა დავაზუსტოთ ბევრი რამ. პატარა ამბავი ხომ არ არის, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, საკუთარ თავზე აიღო ტრიაჟი, სახლში მკურნალობა… ამას სჭირდება ბევრი რამის დაზუსტება. ახლა გვჭირდება კონკრეტიკა, პროტოკოლები და სწორედ ამაზე მიდის მუშაობა”,- განმარტა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ, რამდენი ადამიანის ჩართვა იქნება აუცილებელი მათი მხრიდან ამ პროცესებში – რამდენ ექიმს დასჭირდება სამომავლოდ ტრენინგები და რამდენი ექიმი შეძლებს მალევე პროცესებში ჩართვას.

ხეჩინაშვილის განმარტებით, სამინისტროსთან საუბრისას უთხრეს, რომ  20 ოქტომებრს დაინფიცირებული 1 194 ადამიანიდან 300 იყო კერძო კომპანიებში დაზღვეული ადამიანი:

“დღეში რომ 300 დაზღვეული ადამიანი დაინფიცირდეს, ამას სადაზღვევო კომპანიების დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, ძალიან ბევრი დეტალია მოსაგვარებელი, საუბარია ხარჯებზეც. პანდემიის პროცესში მართვა სულ სხვა ამოცანაა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი, ისეთი ამოცანა, რაც ჩვენ გვქონდა აქამდე. ჩვენ გვესმის ყველაფერი და ვიზამთ მაქსიმუმს, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად მოგვიწევს პერსონალის გაზრდა. მაგრამ ეს ხალხი საიდან უნდა მოვიყვანოთ, ექიმების რაოდენობაც ხომ უსასრულო არაა. ამ ყველაფერს სჭირდება გაანგარიშება”, – განმარტა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ⅙ (დაახლოებით 600 000) დაზღვეულია კერძო კომპანიებში. შესაბამისად, ამჟამად, უხეში გამოთვლებით, შესაძლოა ყოველდღიურად დაინფიცირებული შემთხვევების მეექვსედი რაოდენობა იყვნენ დაზღვეული პაციენტები.

21 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 12 033 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც კლინიკებში 3 071 ადამიანია მოთავსებული, კოვიდ სასტუმროში კი- 1 772. ხეჩინაშვილის გამოთვლის მიხედვით, ამ მონაცემების გათვალისწინებით, შესაძლოა, 1 200-მდე ადამიანი იყოს ბინაზე მკურნალობის საჭიროების მქონე დაზღვეული პაციენტი. იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიურად ერთი ოჯახის ექიმი საშუალოდ 20 პაციენტის მდგომარეობის გადამოწმებას შეძლებს, სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაახლოებით 60-მდე ექიმის მობილიზება იქნება საჭირო.

თუმცა, ხეჩინაშვილის თქმით, კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ რთულია ამ ეტაპზე ექიმების კონრეკტული რაოდენობის განსაზღვრა. მაგალითად, პარასკევის, ანუ 16 ოქტომბრის მდგომარეობით, ასოციაცია ფიქრობდა, რომ დაახლოებით 30-მდე ექიმის მობილიზება საკმარისი იქნებოდა, თუმცა, თუ “ამ სურათმა პანდემიურად ცვლა განაგრძო”, შესაძლოა, ასობით ექიმის მობილიზება გახდეს საჭირო. ხეჩინაშვილის თქმით, ამ რესურსის მოძიებას დრო დასჭირდება, რადგან, დიდი ალბათობით, სადაზღვევო კომპანიების რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდება და მათ “გარეშე ხალხიც” დასჭირდებათ.

“პირობითად რომ ავიღოთ, თუ დღეს სადაზღვევო კომაპნიები იყენებენ 100-მდე ოჯახის ექიმს, ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა დაგვჭირდეს 300-მდე ექიმი. ანუ დაგვჭირდება დამატებით 200 ექიმის მობილიზება. იმ ოჯახის ექიმების საერთო რაოდენობიდან, რაც ზოგადად საქართველოში გვყავს, უნდა მოვიზიდოთ ეს 200 კაცი, დავატრენინგოთ და უნდა ჩავრთოთ ქსელში ეტაპობრივად, ამ ყველაფერს ხომ დასჭირდება დრო”, – განმარტა ხეჩინაშვილმა.

რაც შეეხება დაფინანსებას, ხეჩინაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, თუმცა, მისივე განცხადებით, სადაზღვევო სექტორი პანდემიური მომსახურების ხარჯებს საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

“პანდემიური ხარჯი სრულიად განსხვავდება რეგულარული ხარჯისგან, რომლის დაფარვითაც დათვლილი იყო ყველაფერი და [კომპანიები] ემსახურებოდნენ ხალხს. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც მკაფიო გავლა სჭირდება”, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება არ მომხდარა, თუმცა აუცილებლად შედგება შეთანხმება, რადგან ხეჩინაშვილის განმარტებით ეს საერთო ინტერესის საგანია. რაც შეეხება ვადებს, ხეჩინაშვილის თქმით, ასოციაცია დღეს ელის კონკრეტულ ინფორმაციებს, მათ შორის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გეგმას, თუ კონკრეტულად რა ევალებათ სადაზღვევო კომპანიებს და შემდეგ დაიწყება შეფასება, რა რესურსი აქვს სექტორს და რამდენი დასჭირდება სამომავლოდ.

კაკი ზოიძის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ხედვები

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, კაკი ზოიძის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა უნდა მოხდეს ოჯახის ექიმების და ონლაინ კონსულტაციების რესურსის გამოყენებით.

მისი განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისას “ფრონტის წინა ხაზს” წარმოადგენს და ძირითადი ტვირთიც სწორედ ოჯახის ექიმებსა და სასწრაფო დახმარებაზე მოდის. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით რესურსების გადასანაწილებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სადაზღვევო კომპანიების ჩართულობას.

ზოიძის თქმით, დაინფიცირებული პაციენტების 80-85% სტაციონალურ მეთვალყურეობას არ საჭიროებს და მათ სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდებათ:

“ეს მეთვალყურეობა მაქსიმალურად ეფექტური უნდა იყოს, რომ რაიმე საშიში სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. როდესაც კოვიდ სასტუმროში მყოფი ადამიანი, მანამდე ყოველგვარი სიმპტომების გარეშე, მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს ახასიათებს ამ დაავადებას”, – განმარტა ზოიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სასწრაფო დახმარების მიმართულება ვერ უძლებს დაწოლას, შესაბამისად, იმისთვის, რომ “ფრონტის წინა ხაზი” არ ჩამოიშალოს, საჭირო და დროულია კორონავირუსთან საბრძოლველად სადაზღვევო სექტორის ჩართულობა.

“მნიშვნელოვანია, რომ ეს რგოლი [სადაზღვევო სექტორი] მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. სადაზღვევო კომპანიებს ოჯახის ექიმების გარდა ჰყავთ შესაბამისი ასისტენციის 24-საათიანი სამსახური, უნდა მოხდეს ამ სამსახურების გამოყენებაც ცხელ ხაზებთან და 112-თან ერთად. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმებს, ან დაკავშირება ხდება დაგვიანებით. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ დროულად მოხდეს ადამიანებისთვის ინსტრუქციების მიცემა. ეს იყო ერთადერთი რგოლი [სადაზღვევო სექტორი], რომელიც არ იყო ჩართული ამ პროცესებში და მნიშვნელოვანია, რომ მათი ჩართვა მოხდეს დროულად”, – განამრტა ზოიძემ.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, სადაზღვევო კომპანიების ჩართულობა კოვიდ 19-ის მართვის პროცესში “მეასეხარისხოვანია”. მისი განმარტებით, პანდემია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა და ის სადაზღვევო კომპანიების სტანდარტული პაკეტების მიღმა რჩება, ამიტომ მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო უნდა ფარავდეს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანიები კორონავირუსის მართვის პროცესში ზემოთ ნახსენები პრინციპით ჩაერთვებიან, ეს, საერთო ჯამში, სახელმწიფოს ტვირთს არ შეუმსუბუქებს:

“კერძოდ დაზღვეული ადამიანები რომ ჩამოსცილდნენ [კოვიდთან ბრძოლის პროცესებს], ამის ეფექტი მაინც იქნება ძალიან დაბალი, ამიტომ, თუ არ არის გამართული 112, ამას ვერ უშველის ვერაფერი. კერძო დაზღვეულებს თუ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდებათ, ამას ოჯახის ექიმი ხომ ვერ გააკეთებს. მაინც დაგვჭირდება სასწრაფო დახმარებით გადაყვანა, ანუ მაინც გლობალურ პრობლემასთან მივდივართ”, – განმარტა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში პასუხისმგებლობის 99% სახელმწიფოს ეკისრება და სადაზღვევო კომპანიების როლი ამ საკითხში ძალიან დაბალია.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, მნიშნველოვანია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა იმ მომსახურების გაწევა შეძლონ, რა პაკეტითაც კლიენტები სარგებლობენ, ამისთვის კი მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული “კოვიდ და არაკოვიდ კლინიკები”.

“მთავრობამ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა იზრუნოს, თუ სად მოათავსებს კოვიდ პაციენტებს, არამედ ისე უნდა გადაანაწილოს ყველაფერი, რომ არაკოვიდ პაციენტებისთვისაც დარჩეს მატერიალური და ადამიანური რესურსი, რომ სხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებში არ გვქონდეს მაღალი სიკვდილიანობა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ეპიდსიტუაციის მართვაზე ჭიაბერაშვილის და მისი გუნდის ხედვის შესახებ წაიკითეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი