ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბრძოლა ბოლომდე” – ფაშინიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს

21 ოქტომბერი, 2020 • 2576
“ბრძოლა ბოლომდე” – ფაშინიანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს

“უნდა გავიაზროთ, რომ ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვერ გადაიჭრება დიპლომატიური გზით”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე პირდაპირ ჩართვაში დღეს, 21 ოქტომბერს განაცხადა.

მისი განცხადებით, ორმხრივ კომპრომისზე აზერბაიჯანი არ არის თანახმა, შესაბამისად, რაიმე მოლაპარაკებები აღნიშნულ ეტაპზე აზრს კარგავს.

“ჩვენი ამოცანაა – ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხის უფლებებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა ავიღოთ ყველამ აირაღი სამშობლოს დასაცავად. აღნიშნული პროცესის ეფექტური მართვის შემთხვევაში ჩვენთვის მისაღებ დიპლომატიურ გადაწყვეტასაც მივაღწევთ, რადგან აზერბაიჯანი დღეს ამბობს, რომ ყარაბაღის კაპიტულაციის გარდა არაფერზეა თანახმა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი არცახის გარეშე არ არსებობს”.

აქვე ფაშინიანმა ქალაქების მერებს და სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდა, მოხალისეთა დანაყოფები შექმნან, რომლებიც სომეხი ხალხის უფლებების დაცვას იტვირთავენ.

ფაშინიანის განცადებამდე, მოსკოვში ყარაბაღის საკითხზე შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ომი უკვე 25-ე დღეა მიმდინარეობს. მხარეებს შორის მიღწეული ორი ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, ბრძოლები კვლავ გრძელდება. გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ახალი დასახლებების, მათ შორის ზანგილანის, აღების შესახებ განაცხადა, რომელიც ირანისა და სომხეთის საზღვართან მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებაა კონფლიქტის სამხრეთ ნაწილში. თავის მხრივ, სომხურმა მხარემაც გაავრცელა ინფორმაცია ფრონტის სამხრეთ ნაწილში კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი