ილჰამ ალიევმა კონფლიქტის ზონაში ახალი დასახლებების აღების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული APA ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს ის დასახლებები ჩამოთვალა, რომლებიც ბრძოლების შედეგად აზერბაიჯანულმა ძალებმა დაიკავეს, მათ შორის:
ფუზულის რაიონის: – დორდჩინარი, ქურდლერი, იუხარი აბდურაჰმანლი, გარგაბაზარი, აშაღი ვეისალი, იუხარი აიბასანლი
ჯაბრაილის რაიონის: სარაფშა, ჰასანგაიდი, ფუღანლი, იმამბაღი, დაშ ვეისალი, აღტეპე, იარაჰედლი
ხოჯავენდის რაიონის: აღჯაქენდი, მულკუდერე, დაშბაში, გუნაშლი, ვანგი
ზანგილანის რაიონის: გავალი, ზარნალი, მამადბეილი, ჰაკარი, შარიფანი, გუღანლი და უშუალოდ ქალაქი ზანგილანი.
ილჰამ ალიევმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის კონფლიქტის მიღმა დასახლებების დაბომბვის შესახებაც და განაცხადა, რომ სომხეთი თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, რასაც მთელი მსოფლიო ამჩნევს.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებამდე, სომხური მხარე ბრძოლების მიმდინარეობის შესახებ იუწყებოდა. საკუთარი twitter-ის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი ამბობს, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით.
“ჩრდილოეთ სექტორში მოწინააღმდეგე იყენებს ავიაციასა და არტილერიას. ინტენსიური, სასტიკი ბრძოლები გრძელდება სამხრეთ სექტორშიც. თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა უპასუხონ შეტევას” ,- ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
twitter-ის კიდევ ერთ განცხადებაში კი ამბობს, რომ სამხრეთის მიმართულებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, მტერი უკან იხევს.
“მტერმა უკან დაიხია სამხრეთის მიმართულებიდან, ხუდაფერინის რეზერვუარიდან. მათ აქვთ მძიმე დანაკარგები”, – ნათქვამია მის განცხადებაში.
მთიან ყარაბაღში ომი 27 სექმებრერს, გამთენიისას განახლდა. მას შემდეგ ბაქო და ერევანი ორჯერ შეთანხმდა ჰუმანიტარულ ზავზე, თუმცა ორივეჯერ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე შეთანხმების პირობებს არ იცავდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, გუშინ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მოლაპარაკებებში ჩართვისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა, თუმცა ამის მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.