ახალი ამბები

გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო – შსს ზუგდიდზე

21 ოქტომბერი, 2020 • 837
გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო – შსს ზუგდიდზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზუგდიდში გამოძიება დაიწყეს ყაჩაღობის, იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლების აყვანის მუხლებით. შესაბამისად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან, რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ზუგდიდის მერმა ტვ „პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთ აყვანილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში“.

შსს მედიას მოუწოდებს, ნუ გადასცემს პირდაპირ ეთერში კადრებს, სადაც ჩანს, როგორ წარმართავენ ისინი საპოლიციო ღონისძიებას, რადგან ეს სარისკოა:

„საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე, მათ ჯანმრთელობას“.

პოლიციის ცნობითვე, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

„პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები“, – წერს უწყება.

ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ, ჰყავთ მძევლებიც

მასალების გადაბეჭდვის წესი