ახალი ამბები

ბიზნესი მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს

20 ოქტომბერი, 2020 • 1176
ბიზნესი მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს

ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას სთხოვს.

როგორც საქართველოს ბიზნესასციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე ორი მოთხოვნა აქვთ, პირველი ეხება ოთხი თვის საშემოსავლო გადასახადის ჩამოწერას, რისი გადახდის ვალდებულებაც ტურიზმის ინდუსტრიას პირველი დეკემბრიდან აქვს. ბიზნესი ასევე ითხოვს ძალაში დარჩეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც 1500 ლარამდე ხელფასის პირობებში ნებისმიერი ტიპის კომპანია საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა. ფხაკაძის თქმითვე, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად აუცილებელია მთავრობამ მინიმუმ 6 თვით გაახანგრძლივოს ეს კონკრეტული შეღავათი.

“სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ჩვენ პრემიერთან დავაყენეთ ორი საკითხი. 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ორ სექტორს შეეხო. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებს. კარგად იცით, რომ ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს. მათ პირველი დეკემბრიდან მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომლიც ოთხი თვით გადავადდა. ვითარება ასეთია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას წელს არ უმუშავია, თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით. ამ კუთხით მომავალ თვეებშიც არ არის კარგი პროგნოზი. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ბიზნესს. მეორე საკითხიც მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რა დროსაც საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება. შედეგად, საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი 1500 ლარამდე იყო. ამ შეღავათის ვადა პირველი ნოემბრიდან იწურება. ჩვენი თხოვნაა, მინიმუმ 6 თვის ვადით, ისე რომ ერთი ფისკალური წელი მოიცვას, მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ”,-აცხადებს ფხაკაძე.

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რამდენიმე კვირაში მთავრობა ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს, 20 ოქტომბერს, გიორგი გახარია ქვეყნის მსხვილი დამსაქმებლების ნაწილს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი