ახალი ამბები

გახარია განმარტავს, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში

19 ოქტომბერი, 2020 • 1045
გახარია განმარტავს, რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იყო და კორონავირუსის ტესტიც გაიკეთა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინსიტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგზე ჟურნალისტმა გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა თვითიზოლაციაში, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ “რა თქმა უნდა, იყო”. ამასთან, მისი თქმით, ის პირბადეს ატარებს ყველგან, ამიტომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალური იყო, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ტესტი მაინც გაიკეთა.

“სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ და როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა თუ სხვა სახის, პირბადეს ყოველთვის ვატარებ. დღეს ჩვენ ყველაზე მეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება ინფიცირების გადაცემის რისკი ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ. ამიტომ ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით, ზოგიერთებისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ რისკი მინიმალური იყო, რადგან არ მოგვხსნია პირბადე, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

“ახლა თქვენ რა გინდათ, როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ”, – მიმართა ჟურნალისტებს გახარიამ.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, მათ შორის გახარია, 16 ოქტომებრს გურიაში იმყოფებოდნენ. 18 ოქტომებრს კი გავრცელდა ინფორმაციაა, რომ ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, რომელსაც 16 სექტემბერს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 19 სექტემბერს, მაჟორიტარმა დეპუტატმა [გურიიდან], ნინო წილოსანმა საკუთარი ფეისბუკ-გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გახარიას თქმით, გურიაში ვიზიტისას “ქართული ოცნების” ყველა წევრს ეკეთა პირბადე, მათ შორის ნინო წილოსანსაც, და, “შესაბამისად, დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი