ახალი ამბები

ზოგიერთ მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე – საარჩევნო უბანზე – გახარია

19 ოქტომბერი, 2020 • 946
ზოგიერთ მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე – საარჩევნო უბანზე – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტის არჩევნები არ გადაიდება.

გახარიას თქმით, “პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება”.

“არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონსტიტუციურ ვადებში. არჩევნები არ გადაიდება რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადბეული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ აიარსებებს.
  2. პოლიტიკური პროცესი და  საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურად ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, არის ის, რომ წესები დავიცვათ: ვატაროთ პირდბადე და დავიცვათ დისტანცია – ეს ხომ ასეთი რთული არ არის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული.  ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 836 პირი, კოვიდ სასტუმროებში კი – 1420.

პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს. ეს ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა, საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ამასთან, ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი