ახალი ამბები

უკიდურესი უპასუხისმგებლობაა ათასობით ადამიანის შეკრება რეგულაციების დაუცველად – ლომჯარია

17 ოქტომბერი, 2020 • 1131
უკიდურესი უპასუხისმგებლობაა ათასობით ადამიანის შეკრება რეგულაციების დაუცველად – ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, “უკიდურესი უპასუხისმგებლობაა” კორონავირუსის გავრცელების კუთხით კრიტიკულ რეგიონში ათასობით ადამიანის დისტანციისა და პირბადეების გარეშე შეკრება. მან ეს შეფასება ფეისბუქზე გაახმიანა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, რომელიც ბათუმში, რეგულაციების დაუცველად ჩატარდა.

ამავე განცხადებაში ლომჯარიამ რეგულაციების ხარვეზებზეც ისაუბრა.

“…იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი – ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე – საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება”, – აცხადებს ის.


16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის [“ძალა ერთობაშია”] აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. შეიმჩნეოდა სიმჭიდროვე მომიტინგეებს შორისაც.

აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე, დაცული არ იყო დისტანცია.

„Პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას” – უპასუხა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ხალხმრავალი აქცია ბათუმში დისტანციის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი