ახალი ამბები

ხალხმრავალი აქცია ბათუმში დისტანციის გარეშე

16 ოქტომბერი, 2020 • 1880
ხალხმრავალი აქცია ბათუმში დისტანციის გარეშე

დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის [“ძალა ერთობაშია”] აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. შეიმჩნეოდა სიმჭიდროვე მომიტინგეებს შორისაც.

აქციაზე ენმ/ძალა ერთობაშიამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში – მიშა ბოლქვაძე, ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში – ბონდო თედორაძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი –  ელგუჯა ბაგრატიონი.

„31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – მიმართა გიორგი კირთაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

აქციას მიმართა მურმან დუმბაძემ, რომელმაც 2004 წლის მაისი, ასლან აბაშიძის წასვლის პერიოდი გაიხსენა და ივანიშვილს მიმართა:

„არაფერი შეგეშალოს, ამის ნახევარმა ხალხმა გააგდო ასლან აბაშიძე. საქართველოს მოქალაქე ითხოვს ცვლილებას და ეს ცვლილება არის გარდაუვალი. უმორჩილესი თხოვნაა საქართველოს მოქალაქის მიმართ, არ გავაჩეროთ ხელისუფლებაში 8 წელზე მეტად არცერთი ხელისუფლება“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აქციაზე დღეს არ იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში, ლევან ვარშალომიძე, მამის, გურამ ვარშალომიძის გარდაცვალების გამო. ლევან ვარშალომიძის მამა დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა.

სექტემბრიდან დღემდე ბათუმი საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში ყოველ დღე კოვიდის ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება. 16 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გადატვირთულია კოვიდკლინიკები, ათასზე მეტი ადამიანი სახლში მკურნალობს კორონავირუსის დიაგნოზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი