ნეტგაზეთი | ბაქოს ცნობით, განჯის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა ბაქოს ცნობით, განჯის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა – Netgazeti
RU | GE  

ბაქოს ცნობით, განჯის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა

აზერბაიჯანის თანახმად, წუხელ მოწინააღმდეგემ კვლავ დაბომბა ქალაქი განჯა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა სომხურმა მხარემ და მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო.

აზერბაიჯანული გამოცემის, Apa-ს თანახმად, თანახმად, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა მოწინააღმდეგემ 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე დაბომბა. შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა, ნანგრევებში კი მოქალაქეები მოყვნენ.

ბაქოს ცნობით ნანგრევებიდან 12 ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციის კადრები მედიაში მალევე გავრცელდა. Apa-ს ინფორმაციით, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის, ქამრან ალიევის თქმით, ბაქო ყველაფერს გააკეთებს, “სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად”.

“ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქზე რაკეტის სროლა მხოლოდ სისუსტეზე მიანიშნებს”, – თქვა მან.

17 ოქტომბრის დილით მოქალაქეებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიმართა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ფიზულის რაიონის 7 სოფელი და თავად ქალაქი ფიზულიც “გაათავისუფლეს ოკუპაციისგან”.

სამაშველო ოპერაცია განჯაში. ფოტო: ანადოლუ

განჯის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა, რომელმაც უარყო სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა.

“აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების საპასუხოდ, არანაირი ცეცხლი სომხეთის რესპუბლიკის მხერიდან ან სომხეთის შეუარაღებული ძალების მიერ არ გახსნილა აზერბაიჯანის მიმართულებით”, – წერს სტეფანიანი ფეისბუქზე.

გასულ კვირას, მოსკოვში, თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ. თუმცა, მას შემდეგ, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან