ახალი ამბები

ინციდენტი გორში – თარხნიშვილის ცნობით, კარდაკარის დროს უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

16 ოქტომბერი, 2020 • 1019
ინციდენტი გორში – თარხნიშვილის ცნობით, კარდაკარის დროს უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გორში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ სოფელში კარდაკარის დროს მის თანაგუნდელს თავს დაესხნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

საუბარია სოფელ მეჯვრისხვეზე, სადაც ლევან თარხნიშვილი თანაგუნდელებთან ერთად დღეს ჩავიდა. როგორც თვითონ ნეტგაზეთს უყვება, მისმა თანაგუნდელმა ეთერ ჯალაღანიამ შეამჩნია, რომ სოფლის ცენტრში, სტენდზე ევროპული საქართველოს პლაკეტებზე “ქართული ოცნების” კანდიდატის პლაკატები იყო გადაკრული. ამის შესამოწმებლად ჯალაღანიამ “ქართული ოცნების” პლაკატი გადაწია, რასაც თარხნიშვილის თქმით, იქვე მჯდომი 5-ზე მეტი ახალგაზრდის გაღიზიანება მოჰყვა..

თარხნიშვილის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ეთერ ჯალაღანიას ფიზიკურად შეეხო და სათვალე გაუტეხა, რის გამოც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თარხნიშვილის თქმით, ევროპული საქართველოს წევრები ცდილობენ მათ იდენტიფიცირებას.

“ფაქტია, რომ გაღიზიანდნენ ოცნების პლაკატის არა ახევის, არამედ აწევს გამო, რათა გადაგვეღო, რომ იმის ქვემოთ ჩვენი სურათებია”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.

მისივე თქმით, მომხდარის გამო სამედიცინო დახმარება არავის დასჭირვებია. თარხნიშვილის თქმით, ერთი კვირის წინ ამავე ადგილას ინციდენტი ნაციონალურ მოძრაობასაც შეემთხვა. მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ადგენენ და ინფორმაციას მოგვავწდიან.

განახლება 21:46 – შსს-ში განგვიცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი