ახალი ამბები

რა ხდება “ევროპულ საქართველოში”?

10 თებერვალი, 2021 • 1138
რა ხდება “ევროპულ საქართველოში”?

“ევროპულ საქართველოში” სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, რომელიც შესაძლოა, პარტიული თანამდებობის პირებსაც შეეხოს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ჯერჯერობით პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.

“პოლიტიკურ პარტიას, ისე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება. დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო — არა მხოლოდ “ევროპული საქართველოსგან”, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან
ელოდება სიახლეებს, ახალ ხედვას და განახლებას. აქედან გამომდინარე, “ევროპულ საქართველოშიც” მიდის მსჯელობა, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შიდაპარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდენს პარტიის პოზიციაზე საერთო ოპოზიციურ ბრძოლასა და პარლამენტის ბოიკოტის საკითხთან დაკავშირებით.

ბაქრაძის თქმით, როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საზოგადოება უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს.

დავით ბაქრაძის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც 9 თებერვალს On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია პარტიაში დაგეგმილი რეორგანიზაციისა და დავით ბაქრაძის მიერ “ევროპული საქართველოს” შესაძლო დატოვების თაობაზე. ამასთან, “ტვ პირველის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ვიზიტისას გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რაც პარტიაში დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“ნეტგაზეთმა” სცადა გიგი უგულავასთან დაკავშირება, თუმცა ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა. “ევროპული საქართველოს” სხვა ლიდერები კი ამბობენ, რომ უგულავას ვიზიტი პირადი და არა პოლიტიკური ხასიათის იყო და პარტიაში დაპირისპირების მიზეზი არ გამხდარა.

“გიგი იყო ქვეყნიდან გასული, გარკვეული პერიპეტიები იყო ქვეყნიდან მისი გასვლის შესახებ. ყველა კანონის და ლოგიკის დარღვევით არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. ეს იყო მისი პირადი ვიზიტი, პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ვის შეხვდა და როგორ, თავად გიგის უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მე ვერც შეხვედრაში ვხედავ პრობლემას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლევან თარხნიშვილმა.

პარტიაში დაპირისპირებას უარყოფს სერგი კაპანაძეც.

“უგულავას და სააკაშვილის შეხვედრაზე მე არ მაქვს ინფორმაცია და არა მგონია, რომ ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ ამის გამო პარტიაში დაპირისპირებაა, ჭორია”, – აღნიშნა კაპანაძემ.

კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარის ცვლილების საკითხი დგას თუ არა დღის წესრიგში, სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ სტრუქტურული ცვლილებები იქნება და შეიძლება, კონკრეტული თანამდებობის შესახებაც იყოს საუბარი”.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ევროპული საქართველო” უკვე დატოვა ელენე ხოშტარიამ.

“ყოველი არჩევნების მერე ყველა პარტია აანალიზებს, რა მოხდა, რამ ვერ იმუშავა და ა.შ. იგივე ხდება ამ არჩევნების შემდეგ “ევროპულ საქართველოში”. პლუს ამას დაემატა ის, რომ ამ არჩევნების შედეგად სულ სხვა რეალობა მივიღეთ და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრმა პარლამენტის გარეთ გადაინაცვლა. ეს ახალი რეალობა წარმოშობს ახალ გამოწვევებს, რომელსაც პარტია უნდა მოერგოს და გახდეს უფრო მოქნილი და მობილური”, – აღნიშნა, თავის მხრივ, ლევან თარხნიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი