ახალი ამბები

თარხნიშვილი, გაბაშვილი და თარგამაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებენ

10 აპრილი, 2021 • 932
თარხნიშვილი, გაბაშვილი და თარგამაძე “ევროპულ საქართველოს” ტოვებენ

გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძესთან ერთად, “ევროპული საქართველო” ლევან თარხნიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემაც დატოვეს.

როგორც თარხნიშვილი ამბობს,  პარტიის მომავალთან მიმართებით მისი და სხვების წარმოდგენები ერთმანეთს არ დაემთხვა.

“ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს.

გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს”, — წერს ის “ფეისბუქზე”.

რაც შეეხება გაბაშვილს, მისი თქმით, ამ ეტაპზე, მეგობრების მსგავსად ამჯობინებს, უპარტიო სტატუსით განაგრძოს საქმიანობა.

” ევროპულ საქართველოში, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!” — დასძენს გოკა გაბაშვილი.

პარტიის დატოვების შესახებ განცხადებაში გივი თარგამაძე განახლების აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ “მსგავსი ნაბიჯის არ, ტუ ვერ გადადგმა” მისთვის გაუგებარია.

“ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც.

2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განაᲮლების, ახალი ძალების მოკრების მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია. მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმც, უკვე გარედან, უცვლელია.

რაც შეეხება მომავალს – მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები.

ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ, მთავარია – სამშობლო დამიბეჩავა – ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალღონეს არ დავიშურებ. ფორმა – მოიძებნება”, — წერს თარგამაძე.

10 აპრილს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ყრილობამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ პარტიას უგულავა და ბაქრაძე ტოვებენ. მიზეზებზე საუბრისას აწ უკვე ყოფილმა ლიდერებმა თქვეს, რომ პარტიის ფუნდამენტურად განახლება არ ხდება.

“ევროპული საქართველო” გიგი უგულავამაც დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი