ახალი ამბები

სოციალური მუშაკები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპზე ვაქცინაციას ითხოვენ

16 ოქტომბერი, 2020 • 1064
სოციალური მუშაკები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპზე ვაქცინაციას ითხოვენ

სოციალური მუშაკების პროფესიული გაერთიანების განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში, რომელიც გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების ნუსხას მოიცავს, სოციალური მუშაკები ვერ მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არც პანდემიისას შეუჩერებიათ მუშაობა და დღემდე აგრძელებენ მოქალაქეების საკეთილდღეოდ მუშაობას.

სოციალური მუშაკების განცხადებით, ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე არიან როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული სოციალური მუშაკები და მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელს შესაძლოა ჰქონდეს გამოხატული მზაობა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის, პირისპირი ინტერაქციის აუცილებლობა ხშირად გრდაუვალია სოციალური მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე:

“სოციალურ მუშაკებს უწევთ რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევევბზე, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების პრობლემებზე, ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბენეფიციარების პრობლემებზე და სხვა. აქვთ პირისპირი კომუნიკაცია ასევე რისკჯგუფებთან და იმყოფებიან ვირუსით ავადობით მაღალი რისკის ქვეშ. მეორე მხრივ კი, თავადაც შესაძლოა წარმოადგენდნენ ვირუსის გავრცელების წყაროს” ,- აცხადებენ სოციალური მუშაკები.

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებული გრიპის ვაქცინა ხელმიუწვდომელია იმ მოქალაქისთვის, რომელიც არ არის მიჩნეული რისკჯგუფად.

შესაბამისად, სოციალური მუშაკების გაერთიანება მიმართავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროილისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვს ეროვნულ ცენტრს, რისკჯგუფების ჩამონათვალში შეიყვანონ სოციალური მუშაკები.

მასალების გადაბეჭდვის წესი