ახალი ამბები

გახარია: არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს

15 ოქტომბერი, 2020 • 856
გახარია: არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

გახარია ამბობს, რომ მთავრობა სიტუაციას მართავს, თუმცა არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა შეჩერდება და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია მხოლოდ რაოდენობის ზრდის ტემპის შემცირება:

“დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება. არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის მატება შეჩერდება.

დღეს რაც ვთქვით, რესტორნების მუშაობის შეზღუდვა, არც ეს შეაჩერებს რაოდენობის ზრდას, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია დროზე მოვახდინოთ ზემოქმედება, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება”, – ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი