ახალი ამბები

მწამს, რომ თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ – სინოდის წევრი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

14 ოქტომბერი, 2020 • 981
მწამს, რომ თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ – სინოდის წევრი მელაშვილსა და ილიჩოვაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ცურტაველი მიტროპოლიტი (ტიტულარული) ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა.

როგორც სასულიერო პირმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აზრით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა “ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო გაუაზრებელი მითითებით”.

კითხვაზე, ვის გულისხმობს მითითებების გამცემში, სინოდის წევრი ამბობს, რომ მათ, ვინც ეს ორი ადამიანი იმ ზომამდე მიიყვანა და განცხადებებს აკეთებენ, რომ ისინი დამნაშავენი არიან. მისი თქმით, ეს ამბავი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მდგენელიც იყოს. სინოდის წევრის თქმით, მას სწამს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ.

მან ასევე პოლიტიკურ პროცესებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ “კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას” და რომ ყველა შესაცვლელია და “ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე ეროვნული ღირსებით”.

როგორც ცნობილია, კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი